„სოფლის ნობათი”, რომლის პროდუქტშიც, დღეს „სურსათის ეროვნულმა სამსახურმა” ჯანმრელობისთვის სახიფათო ნივთიერება აღმოაჩინა, განცხადებას ავრცელებს.
„განცხადების გარეშე ვერ დავტოვებთ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გაყიდვიდან ვიღებთ ჩვენი პარტნიორების მიერ აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტიას (UHT რძე). გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი რომ იგი შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.
მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებში შეუთანხმებლობისა და გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ შესაბამის ორგანოებთან, რათა ყველაფერი უფრო ცხადი და გასაგები გახდეს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, რძის აღნიშნული პარტია უახლოეს საათებში სრულად იქნება ამოღებული გაყიდვიდან. ამასთან, ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას ზემოხსენებულ აზერბაიჯანელ პარტნიორთანაც მანამ, სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ აზერბაიჯანში წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის მცირე რაოდენობაზე და არანაირად არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე. ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხისა და სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნას და სრულადაა მორგებული მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს.
ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის და გპირდებით, რომ ყველაფერს ეფექტურად და საფუძვლიანად გამოვიძიებთ”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
—
სურსათის ეროვნული სააგენტო წერს, რომ შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოს” დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.
სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში.
კერძოდ:
სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული – 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.
შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში აფლოტქსინმა.
„აფლაქოტსინი წარმოადგენს ტოქსიურ და კანცეროგენულ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა (Aspergillus).
აფლატოქსინი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა თხილეულში, მარცვლეულში და სხვ. რძეში შეიძლება მოხვდეს იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი მიიღებს ტოქსინის შემცველ საკვებს, მაგალითად, თუ ცხოველის საკვების შენახვის პირობები დარღვეულია (ნესტიან გარემოში ინახება).
აფლაქტოქსინის გაუვნებლება არ ხდება თერმული დამუშავებით. შესაბამისად, რძის ადუღება მას ვერ ანეიტრალებს.
აფლატოქსინის ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანება. მწვავედ განვითარებული სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ღებინება, სიყვითლე და სხვ.
ხანგრძლივი ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო.
ორსულების ორგანიზმში ტოქსინის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო მეძუძური დედის შემთხვევაში ტოქსინი შეიძლება დედის რძეში მოხვდეს და ბავშვის ჯანმრთელობის რისკი შექმნას.
ამიტომ შესაბამისი უწყებები პერიოდულად აკონტროლებენ ამ ტოქსინის შემცველობას საკვებში.
ექსპოზიციის შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია და პერიოდულად საჭიროებს ღვიძლის ჯანმრთელობის კონტროლს.
საოჯახო პირობებში პრევენციის მეთოდია საკვების შესაფერის გარემოში შენახვა (მშრალ გარემოში) და ობის ან უჩვეულო სუნის შემჩნევისას საკვების გადაყრა/არგამოყენება”. – წერს ინფეციონისტი.