სოფო გელავა: ჩემი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება სახელისუფლებო დეზინფორმაციას, ასეთ დროს ლეპტოპის ამოღება შეკითხვებს ბადებს

პუბლიკა

დღეს, 24 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, მკვლევარ სოფო გელავას სახლში.

სოფო გელავა „ფორმულას“ ეთერში ამბობს, რომ ჩხრეკა მის სახლში დილის 9-ის ნახევარზე დაიწყო. ჩხრეკის ჩატარების მიზეზი სასამართლოს განჩინებით იყო განსაზღვრული – გამოძიება HR კომპანიის წინააღმდეგ, რომელთანაც „ატლანტიკური საბჭო“ თანამშრომლობს.

გელავას თქმით, ჩხრეკისას დალუქეს მისი ტელეფონი, მისი, მისი მეუღლის, პოლიტიკოს გიორგი ნონიაშვილის და არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპები.

„ჩემთვის ეს დილა დაიწყო 08:30-ზე, როცა იყო კარზე კაკუნი და გამაცნეს თავი საგამოძიებო სამსახურიდან. თავიდანვე კარში გადმომცეს განჩინება სასამართლოსი პირად ჩხრეკაზე და ბინის ჩხრეკაზე. პირადი ჩხრეკის ფარგლებში დალუქეს ტელეფონი და შემდეგ უკვე გვქონდა კომუნიკაცია, რომ ბინაში ჩხრეკის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დავლოდებოდით ადვოკატს. არ იყო ამაზე ძალიან სასიამოვნო კომუნიკაცია, თუმცა ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში და იყო იძულება, რომ დავლოდებოდით ადვოკატს.

მე მოვისმინე, რომ ეთო ბუზიაშვილთან შევიდნენ მოტყუებით და მოსთხოვეს სამსახურებრივი ჩანაწერების ჩვენება. ჩემთან ასეთი რამე არ ყოფილა, ყველაფერი იყო ნორმალური ფარგლებში, ადვოკატის თანდასწრებით მოხდა ჩხრეკა.

ამოიღეს ჩემი ლეპტოპი, ტელეფონი, ჩემი მეუღლის ლეპტოპი, ჩემი არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპი.

ჩემთვის არ უთქვამთ რომ ეს რაღაც დიდის ნაწილია. ახლა მესმის მედიიდან, რომ ე.წ. ქოლცენტრებზე არის საუბარი. ჩემთან იყო საუბარი კომპანიაზე, რომელიც განჩინებაშიც ეწერა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება კომპანიის წინააღმდეგ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით.  მე რა ინფორმაციაც მაქვს ამ კომპანიაზე ესაა HR კომპანია, რომელიც დაქირავებული ყავს „ატლანტიკურ საბჭოს“, რომელთანაც მე ვმუშაობ და აგვარებს მხოლოდ სამართლებრივ შრომით ხელშეკრულებებს. ჩვენ ამ კომპანიასთან სხვა კომუნიკაცია არ გვაქვს, რამე კომუნიკაცია და მიწერ-მოწერა არ მქონია. ამის იქით ჩემთვის ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, რომ ესაა რაღაც დიდის ნაწილი და ამიტომ იყვნენ ჩემთან სახლში“, – ამბობს სოფო გელავა „ფორმულასთან“.

სოფო გელავას თქმით, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ეძებდნენ დიდი ოდენობით თანხასაც, თუმცა ჩხრეკა ჩატარდა ზედაპირულად. გელავა ფიქრობს, რომ მიზანი ტექნიკის, კომპიუტერების ამოღება იყო. სოფო გელავა დღესვე დაიბარეს გამოკითხვაზე.

მკვლევრის განცხადებით, მისი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება სახელისუფლებო დეზინფორმაციას და აქვს მიმდინარე კვლევა ხელისუფლების ანტიდასავლუ დეზინფორმაციაზე. ასეთ პერიოდში მისი ლეპტოპის წაღება, გელავას თქმით, შეკითხვებს აჩენს.

„როგორც მე ვიცი, რომ ამ კომპანიასთან საერთოდ კავშირი არ მაქვს და არც „ქოლცენტრებთან“, დარწმუნებული ვარ, ასევე აქვთ ინფორმაცია, ვინაა დაკავშრებული მაქინაციებთან, ამიტომ ის ფაქტი, რომ ჩემი ლეპტოპი და ჩემი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება სახელისუფლებო დეზინფორმაციას და მავნე ინფორმაციის გავრცელებას, ჩემი მეუღლის ლეპტოპი, რომელიც არის ოპოზიციური პარტიის წევრი, ეს ყველაფერი რომ ხდება არჩევნებამდე 3 დღით ადრე და ამავდროულად გვაქვს მიმდინარე კვლევა, რომ ეს ანტიდასავლური დეზინფორმაცია, თითქოს, დასავლეთი ერევა საქართველოს არჩევნებში და არჩევნების შემდეგ ცდილობს აქ რევოლუციის მოწყობას, როცა ეს მიმდინარე კვლევა გვაქვს მე და ეთოს გამოსაქვეყნებელი, როცა ამ პროცესში ხდება ლეპტოპების ამოღება ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დროს, ბევრ შეკითხვას ბადებს და ბევრი საეჭვო გარემოება აქვს ზოგად კონტექსტში და პოლიტიკურ ფონთან დაკავშირებით“, – ამბობს გელავა.

სოფო გელავას თქმით, „ატლანტიკურ საბჭოს“ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი სამსახურებრივი ტექნიკა ამოიღეს.