ნებისმიერ ქალს, რომელიც შეიძლება იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს დეპუტატ სოფო კილაძის მიმართ ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ შეკითხვის პასუხად განუცხადა.
„საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. ამ ბრძოლასა და ამ რეფორმებში სოფო კილაძე თავად იყო ჩართული, ამიტომ თუ მას პირად ცხოვრებაში შეექმნა ასეთი სიტუაცია, ის მოიქცა ისე, როგორც ნებისმიერი თანამედროვე ქალი მოიქცეოდა, მიმართა სახელმწიფო ინსტიტუტებს და მიიღო ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო სამსახური განსაზღვრავს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ „რუსთავი 2-ს“ დაუდასტურა, რომ ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. მისივე თქმით, უწყებამ მის ყოფილ ქმარს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.
კილაძის განცხადებას გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ფეისბუქპოსტში წერდა, რომ მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა.
„ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა, აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა“, – წერს პრეზიდენტი.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც აღნიშნავს, რომ ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი.
„ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ გამოვლენილ ძალადობაზე ჩვენს საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა, პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ – 10 000-ჯერ უფრო რთული და ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს. ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია. მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა. სირცხვილი არ არის იყო მსხვერპლი, არც მსხვერპლის „ბრალია“ იყოს მსხვერპლი. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ დაგვიცვას ასეთ ვითარებაში. საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს მათ“.