ოკუპირებულ გალში, მდინარე ენგურზე საბაჟო ტერმინალი იხსნება.
სატრანზიტო და ლოჯისტიკური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და აფხაზეთში „მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის“ ხელმძღვანელმა ასტამურ ახსალბამ აფხაზეთში მომუშავე მედიასთან ისაუბრა მდინარე ენგურზე ახალი საბაჟო ტერმინალის – მისი მიზნების, პერსპექტივებისა და გეოპოლიტიკური კონტექსტის შესახებ.
მშენებლობა თითქმის დასრულებულია და სოხუმი „ჰიპოთეზურად მზადაა“ ტვირთების ტრანზიტის დასაწყებად.
ინფორმაცია, რომ ტერმინალი შენდებოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ამას ამ დრომდე მალავდა.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სამთავრობო მედიასთან ახსალბა ამბობს, რომ ტვირთები საბაჟო ტერმინალის გავლით რუსეთში შევა მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩინეთიდან და ინდოეთიდან.
მისივე თქმით, არ იგეგმება ტვირთების საქართველოდან გადატანა, სანამ „ხელი არ მოეწერება საჭირო დოკუმენტებს“.
2010 წლის ოქტომბერში მოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებდა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების გამარტივებას, საბაჟო დოკუმენტების, ბეჭდებისა და შტამპების ურთიერთაღიარებას, ასევე მეორე მხარის ტერიტორიაზე სპეციალიზებული საბაჟო ორგანოს შექმნის შესაძლებლობას.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ახსალბა ამბობს, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა „2012-2014 წლამდე არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ობიექტური მიზეზების გამო“.
ახლა კი, მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პროექტი „აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორისთვის, რუსეთისთვის, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ გახდა“.
„ეხო კავკაზას“ თანახმად, მისმა ლოჯისტიკურმა კომპანიამ რუსეთს პროექტის გალის რაიონში განხორციელება შესთავაზა.
„მიუხედავად იმისა, რომ ოჩამჩირის კონტეინერების ტერმინალი რუსული სახსრებით აშენდა, ახალი ობიექტი აფხაზი და რუსი მეწარმეების კერძო ინვესტიციაა“. – წერს გამოცემა.
ასხალბა ხაზს უსვამს, რომ პროექტის განხორციელებას ექნება სირთულეები, რადგან მესამე ქვეყნები წააწყდებიან იურიდიულ და საბაჟო ბარიერებს აფხაზეთის სტატუსის გამო.
„ჩვენ ამ ყველაფერზე ანდრეი იურიევიჩ ბელიანინოვის მხარდაჭერით ვმუშაობთ. აფხაზეთში გახსნილი მსოფლიო ხალხთა ასამბლეა გვეხმარება არა მხოლოდ პროექტის განხორციელებაში, არამედ უფრო ფართო ეკონომიკურ თანამშრომლობაშიც“. – ამბობს ასხალბა.
ანდრეი ბელიანინოვი რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და ევრაზიის განვითარების ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა, ამჟამად კი, 2025 წლიდან „მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის“ გენერალური მდივანია.
„მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის“ ვებგვერდის თანახმად, გენერალური მდივნის მოადგილეებს შორის არის იგორ გორგაძეც – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ყოფილი თანამშრომელი, 1993-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული.
„ეხო კავკაზას“ თანახმად, ასტამურ ასხალბას თქმით, მესამე ქვეყნებიდან შემოსული საქონელი აფხაზურ მაღაზიებში ვერ მოხვდება. თუმცა, როგორც ამბობს, „დროთა განმავლობაში, პირიქით, აფხაზური პროდუქცია ამ კორიდორის მეშვეობით უცხოურ ბაზრებზე მოხვედრას შეძლებს“.
ასხალბა ამბობს, რომ „თეორიულად, სომხური, თურქული და ირანული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო მანქანებს ენგურის მდინარეზე შესვლა შეეძლებათ, მძღოლები კი შეიძლება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ“.
მისი განცხადებით, ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა აიკრძალება „სანამ, ღვთის ნებით, უახლოეს მომავალში კეთილმეზობლური ურთიერთობები არ დამყარდება, სულ მცირე, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის დონეზე“. – ამბობს ის.
გალში საბაჟო ტერმინალის მოწყობაზე თბილისს თავისი ინიციატივით განცხადება არ გაუკეთებია.
დღეს, 10 დეკემბერს ამ საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ „არ აღიარებს ე.წ სახელმწიფო საზღვარს“. მან ამ შემთხვევაშიც ახსენა წინა ხელისუფლება.
„აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება საუბარი. თქვენ გახსოვთ რომ წინა ხელისუფლების პირობებში ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე და მას შემდეგ იყო ეს შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამდგომლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით“. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტმა მას გკითხა, თუ თანამშრომლობს საბაჟო ტერმინალის მომწყობ კომპანიასთან.
„ეს არის სპეკულაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, ამ მიმართულებით, ზოგადი შეთანხმება არსებობს, თუმცა ამ კუთხითაც არავითარი აქტივობა არ ყოფილა, ეს არის ის პოზიცია რაც ჩვენ გვაქვს, თუ რაიმე ცვლილება იქნება, რა თქმა უნდა ჩვენგან შეიტყობთ“. – თქვა კობახიძემ.