სოხუმში აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის ღობე მოანგრიეს

პუბლიკა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა ჩაიშალა.

ადგილზე ვითარება დაძაბულია, როგორც ტელეგრამ-არხები იტყობინებიან, ძალოვნებმა გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი და კვამლის ყუმბარები. ამასთან, მოქალაქეებმა მოანგრიეს ე.წ. პარლამენტის ღობე და შევიდნენ შიდა ტერიტორიაზე.

საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, სესია არ შედგა. ადგილობრივი მედია წერს, რომ აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.

აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.

მათ ასევე მოახერხეს სახანძრო მანქანის შეჩერება, რომლითაც ღობის ნაწილის დანგრევის შემდეგ წარმოქმნილი გადასასვლელის გადაკეტვას იგეგმებოდა.