სოხუმში ადგილობრივი ოპოზიცია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მთავრობის წინააღმდეგ აქციებს გეგმავს. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დღეს დაგეგმა.
ბჟანიას მთავრობას მისი ოპონენტები ქართულ მხარესთან არასაჯაროდ გამართულ მოლაპარაკებაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება „არასახელმწიფოებრივია“.
„აფხაზეთის სახალხო მოძრაობისა“ და აფხაზ ვეტერანთა კავშირის „არუაას“ პროტესტი, მათი განცხადებით, „ეკონომიკურ საკითხებში ასლან ბჟანიას თანაშემწის ბენურ კვირაიას საქართველოში ვიზიტმა“ გამოიწვია.
„აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ მტკიცებით, ვიზიტი, რომელიც 25 თებერვალს შედგა, ქართულ მხარესთან ეკონომიკასა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე მოლაპარაკებას ისახვდა მიზნად.
„აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“ ასევე აცხადებს, რომ კვირაია ჩანს ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც ის აფხაზებისა და ქართველების მეგობრობასა და მათ საერთო წარსულზე ლაპარაკობს. მათი მტკიცებით, ვიდეოში ჩანს ისიც, რომ ის სვამს ერთ-ერთი იმ ქართველის სადღეგრძელოს, რომელიც ომის დროს აფხაზების წინააღდმეგ იბრძოდა.