სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს - ხვალ პარლამენტთან აქცია გაიმართება

პუბლიკა

17 თებერვალს, ორშაბათს, 16:00 საათზე, პარლამენტის წინ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მართავს საპროტესტო აქციას სახელწოდებით „სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს“.

„ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალმა დირექტორმა აიძულა ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა, ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას, ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ცხადყოფს, რომ ტელევიზიის დირექტორი, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა დანიშნეს, ყველაფერს აკეთებს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის“,- ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას – “ქართულ ოცნებას” და მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიდან დათხოვნა.

 

 

 

 

 

 

დღეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან სოლიდარობის აქცია გაიმართა.  ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ. ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა ქუთაისშიც.