„სოლიდარობა აფრიკის დასახლებას”, „ხალხი მართალს ამბობს”, „სახლი ყველას” – ამ წარწერებით 3 ბანერი აქტივისტებმა თბილისის მერიის მოპირდაპირე კორპუსიდან (გოთუას ქუჩის მხრიდან) გადმოფინეს. ამის შესახებ facebook-ჩართვის დროს აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბანერების გადმოფენის გამო მათ დაჯარიმებას აპირებენ.
„ახლა ინსპექცია მოვიდა და აპირებენ ჩვენს დაჯარიმებას… ველოდებით საპატრულოს, გაჩვენებთ რისი გულისთქვის ხდება ეს”, – ამბობს წიქარიშვილი.
აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება გუშინ დილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით სახლების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივებმა სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი კანონის შესაბამისად დაიწყო.