გუშინ ღამით ჭიათურის მაღარო ერთსაათიან სოლიდარულ გაფიცვაზე გავიდა ძალადობრივი გამოსახლების წინააღმდეგ და გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით. მაღაროელების მიმართვას მოძრაობა „ხმა” ავრცელებს.
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია მთელი ცხოვრება უსამართლობის წინაარმდეგ იბრძვიან.
“ებრძვიან ბანკებს ასეთი პროცენტების გამო, ებრძვიან მევახშეებს ასეთი უკანონობის გამო, ითხოვენ მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვებას, უფასო საცხოვრებელს სტუდენტებისთვის, ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს გვიჭერდნენ” – ამბობს მიქაცაძე.
იგი ამბობს, რომ ხასაია და ჩიქობავა სწორედ ამ საქმიანობის გამო, მათ გასანეიტრალებლად არიან დაკავებულები.
„ჩვენ გვინდა, ჭიათურელ მაღაროელებს, სოლიდარობა გამოვხატოთ, ჩვენ ვითხოვთ გადაუკვალიფიცირდეთ მათ სისხლის სამართლის მუხლი, ამ მოთხოვნის ნიშნად ჩვენი ვახტა ერთი საათით წყვეტს სამუშაო პროცესს. თუმცა თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება პროტესტი გადაედება სხვა ვახტებს სხვა პროფესიებს და ვნახოთ უღირთ თუ არა ამ ორი ადამიანის პატიმრობა მთელი საქართველს გადატრიალებად – ამბობს მიქაცაძე.
თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენეს.
მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა, აქციის რამდენიმე მონაწილემ კი პროტესტის ნიშნად აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები ჩამტვრია.
შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი – ადმინისტრაციული წესით. 2 პირი – მოძრაობა „ხმის“ წევრები, კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე“ – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.