„სოლიდარობა ვახო სანაიას“ – ბათუმში ჟურნალისტების აქცია გაიმართა

პუბლიკა

„მაინც ვიტყვით“, „სოლიდარობა ვახო სანაიას“, „ნუ ახალისებთ ძალადობას“, – ამ ლოზუნგებით, ბათუმში, ჟურნალისტ ვახო სანაიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციაზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენელებმა ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს და კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილე ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს იმ პოლარიზებული გარემოს ბრალია, რაც ქვეყანაში ხდება. მათივე თქმით, ტრიბუნებიდან, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ისმის სიძულვილის ენა, რაც საზოგადოებაზე ილექება.

„ჩვენ, ვახო სანაიას კოლეგები აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ დავგმოთ კიდევ ერთი ძალადობრივი ქმედება, რაც მოხდა ორი დღის წინ. სურვილი მაქვს, რომ ის მოძალადეები, რომლებმაც ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს, დაისაჯონ სამაგალითოდ იმისთვის, რომ სხვას კიდევ არ ჰქონდეს სურვილი, რომ ქუჩაში გასულ ჟურნალისტს გაუსწორდეს ფიზიკურად“, განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ჟურნალისტმა, სულხან მესხიძემ „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

კიდევ ერთი აქციის მონაწილე, ჟურნალისტი მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა ნიშნავს თავისუფლებაზე ძალადობას. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. მათი თქმით, მსგავსი ტიპის ძალადობა საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

„დაუშვებელია ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება. პირიქით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი ნაბიჯები იქითკენ, რომ ჟურნალისტების მიმართ და ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა არ მოხდეს, ვინაიდან, თუ ჩვენ ვცდილობთ დემოკრატიულ ღირებულებებზე სახელმწიფოს მშენებლობას, პირველ რიგში უნდა მიეცეთ მათ გამოხატვის თავისუფლება და ძალადობა სიტყვის თავისუფლების გამოხატვასთან წინააღმდეგობაში მოდის“, – განაცხადა საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პაატა დიასამიძემ.


ვახო სანაიას განცხადებით, თავდამსხმელებმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო, შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის თანმხლებ პირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.