სოლიდარობას ვუცხადებთ ნამოხვანელ „ხეობის გუშაგებს“ - საქართველოს პენცენტრი

პუბლიკა

ქართველი მწერლები და „საქართველოს პენცენტრის“ წევრები ღია წერილს აქვეყნებენ და საქართველოს მთავრობას, მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობის საკითხზე მიმართავენ.

მათი შეფასებით, არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები დიდი საფრთხის შემცველია როგორც ბუნების, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის, ასევე, სოციალური გარემოსთვის.

„ქართველი მწერლები „ხეობის გუშაგებს“ ვუცხადებთ თანადგომასა და სოლიდარობას, ღია წერილით მივმართავთ საქართველოს მთავრობას – მოვითხოვთ გაუქმდეს ნამოხვანისა და ონის ჰესების კასკადებზე გაცემული სამშენებლო ნებართვები და მათზე დაფუძნებული ყველა სხვა დოკუმენტი, შეჩერდეს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები და რეალურად, გამჭვირვალედ გაიმართოს საკითხის საერთო-სახალხო განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, საზოგადოების ჩართულობითა და უცხოელი, დამოუკიდებული ექსპერტების დაკვირვებით, გათვალისწინებულ იქნას „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” (WWF) კავკასიის ოფისის პოზიცია საქართველოში ჰიდროენერგეტიკისა და დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების თაობაზე“, – ვკითხულობთ „პენცენტრის“ განცხადებაში.


ნამახვანელი ადგილობრივი მოსახლეობა 125 დღეა, ჰესის მშენებლობას ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად აპროტესტებს.

მათი მოთხოვნებია:

„გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. კომპანია კი აცხადებს, რომ მათ მიმდინარე სამუშაოებისთვის ყველა შესაბამისი ნებართვა აქვთ.

სასამართლოში გასაჩივრებულია როგორც პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ასევე მოსამზადებელი სამუშაოების შესაბამისობა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვასთან.