სოლიდარობის პლატფორმა განცხადებას ავრცელებს და შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის საქმიანობას აფასებს. სოლიდარობის პლატფორმა მომავალი მინისტრის დანიშვნის პროცესის ინკლუზიურობას მოითხოვს.
ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას 15 ივნისამდე დაიკავებს. ის ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.
სოლიდარობის პლატფორის განცხადებას „პუბლიკა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ქეთი ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის რანგში 2016 წლის აგვისტოდან საქმიანობდა, მას მერე, რაც 2012-2016 წლებში ამავე უწყებაში, მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. მის საქმიანობას უკავშირდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და შესაბამისი ხუთწლიანი გეგმის დამტკიცება, რომელსაც ვადა, სწორედ, 2020 წელს ეწურება. აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტების შინაარსი და მისი აღსრულების შედეგები ერთგვარი ინდიკატორი შეიძლება იყოს ამ პერიოდში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ეფექტიანობისა, ვინაიდან სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორობის კუთხით სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ძირითადი ჩარჩო სწორედ ეს პოლიტიკური დოკუმენტებია.
ერთი შეხედვით, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ისეთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებს ეფუძნებოდა, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა, მათთვის თანაბარი სოციო-ეკონომიკური პირობების შექმნა, ასევე ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მათი კულტურის შენარჩუნება.
ეს მიმართულებები ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ ეროვნულ უმცირესობათა ძირითად უფლებებთან თანხვედრაშიც მოდის. თუმცა ერთია რამდენად გათვალისწინებულია ამ სტრატეგიულ დოკუმენტებში საქართველოში მცხოვრები უმცირესობების რეალური საჭიროებები და მეორე, რამდენად ეფექტიანად ხორციელდებოდა ის რეალობაში. აშკარაა, რომ ის სისტემური გამოწვევები და პრობლემები, რაც ეთნიკური ჯგუფების წინაშე არსებობს, ცალსახად, მიუთითებს ამ გეგმის და მისი შესრულების ფრაგმენტულობასა და ფორმალურობაზე, რომელმაც, წლების მანძილზე, არსებითი პოლიტიკური და სამართლებრივი ცვლილებები ვერ მოუტანა პოლიტიკის მიღმა დარჩენილ ჯგუფებს.
ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის სამოქმედო გეგმაში არაფერი წერია სპეციალური მექანიზმების შემოღებაზე, რომელიც ხელს შეუწყობდა და გაზრდიდა ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობას პოლიტიკაში და საჯარო ცხოვრებაში. ჩვენს სამართლებრივ სისტემაში სუსტია საკონსულტაციო მექანიზმების როლი და ხელისუფლების უმაღლესი შტოები პრაქტიკულად არ ხვდებიან და ისმენენ ეთნიკური უმცირესობების ხმასა და პოზიციებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების დროს. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ამ მიმართულებით გეგმით გათვალისწინებულია არის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან უმცირესობათა საბჭოს ფორმირება, რომელთა საქმიანობა ასევე ფრაგმენტული და არასისტემურია, რომელიც არაერთი კრიტიკის საგანი გამხდარა მისი შეკრებების იშვიათობის, არაწარმომადგენლობისა და მანდატის ბუნდოვანების გამო.
სუსტი პოლიტიკური მონაწილეობის მიღმა, სერიოზული გამოწვევაა საჯარო სამსახურში ეთნიკური უმცირესობების დასაქმების საკითხიც.
მიუხედავად იმისა, რომ 1+4 პროგრამის შედეგად ასეულობით უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების კონტიგენტი გვყავს, საჯარო სამსახურში მათი დასაქმება მინიმალურია. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აკორდინირებს, სუსტია და უმცირესობების დასაქმების გაძლიერების რეალურ მიზანს ვერ აღწევს.
არაერთი კვლევა მოწმობს რომ უმცირესობები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. ამ კუთხით, განათლების პოლიტიკის სისუსტე და ჩავარდნა ცენტრალურ როლს ასრულებს. იმ პირობებში, როდესაც არცერთი სოციალური სერვისი უმცირესობების ხელმისაწვდომი არ არის მათთვის გასაგებ ენაზე, როდესაც მათთვის ინფორმაციაც შეზღუდულია შესაძლო ეკონომიკურ თუ სოციალურ სერვისებზე, რთულია ვისაუბროთ ამ თვალსაზრისით თანასწორობაზე. პანდემიის პირობებში, მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვამ კარგად დაგვანახა ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების სოციალური მოწყვლადობა და სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის სუსტი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან.
რაც შეეხება ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, არაკოორდინირებული და არათანმიმდევრული განათლების პოლიტიკა არაქართულენოვან სტუდენტებს ხელს უშლის თანაბარ პირობებში მიიღონ ხარისხიანი განათლება. არაქართულენოვანი მოსწავლეების სასკოლო გამოცდებში ჩაჭრის და სკოლის მიტოვების საგანგაშო მაჩვენებლები სწორედ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ნათელი ინდიკატორია.
გარდა ამისა, თვალშისაცემია უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის დაცვისა და განვითარების პოლიტიკის სისუსტე. კულტურული დომინაციის ტენდენციები და ნიშნები ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტში მოწმობს რომ ის კულტურული აქტივობები, რომლებიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება ფასადურია და რეალურად უმცირესობების კულტურის დაცვას, წახალისებასა და მხარდაჭერას არ ემსახურება.
ინტეგრაციის პოლიტიკის სისუსტეს ნათლად ავლენს სხვადასხვა პერიოდში ეთნიკური უმცირესობების მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციული თუ რასისტული შინაარსის ორგანიზებული შეტევები სოციალურ მედიაში, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების რიტორიკით არ დაბალანსდა და გაკრიტიკდა. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ, რომლის მიზანი, ფაქტები ბუნდოვანია და საქართველოს აზერბაიჯანელი აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დაშინების რისკებსაც შეიცავს.
ამდენად, ჩვენი აზრით, სტრატეგიის აღნიშნულ დოკუმენტებს საგარეო პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ინტეგრაციის პოლიტიკის ჩვენების მიზანი უფრო აქვს, ვიდრე რეალურად ინკლუზიური და თანასწორი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნის.
სახელმწიფო მინისტრის მანდატის მეორე მიმართულება სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას ეხება კონფლიქტის რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ მკაცრად არაღიარების მიდგომებზე დაფუძნებული პოლიტიკა შეიცვალა და შერიგებაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე აქცენტი მეტად კეთდებოდა, ეს პერიოდი არ ყოფილა რაიმე არსებითი პოზიტიური ცვლილებების მომტანი კონფლიქტის რეგიონებთან მიმართებაში. ქეთი ციხელაშვილის ხედვა კონფლიქტის რეგიონებთან მიმართებაში რამდენიმე მიმართულებას ეფუძნებოდა, რომელიც მოიცავს მშვიდობის დაცვას, დეოკუპაცია და დეესკალაციას, პირდაპირ დიალოგს და ნდობის აღდგენას აფხაზებთან და ოსებთან და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებულად ეს პოლიტიკა შესაძლოა პოზიტიურ ნაბიჯად და მიმართულებად განვიხილოთ, თუმცა რამდენად შედეგის მომტანი იყო ეს პოლიტიკა კონფლიქტის რეგიონებში სიტუაციის დალაგებისთვის, დეესკალაციისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის – ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბოლო წლებია ჩვენ ვაკვირდებით, რომ უფლებრივი და სოციალური თვალსაზრისით სიტუაცია ამ რეგიონებში უარესდება და მცოცავი ოკუპაციის პროცესიც არ შეჩერებულა.
სახელმწიფო მინისტრის რიტორიკასა და რეალურ პოლიტიკას შორის აშკარა აცდენა და ორმაგობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ინტეგრაციის პოლიტიკის გატარების რეალური ძალაუფლების ცენტრი სახელმწიფო მინისტრს და მის აპარატს არ აქვს და ამ პოლიტიკაში აშკარად დომინირებს უსაფრთხოების პერსპექტივა და უსაფრთხოების სამსახურების გავლენები.
ყოველივე ამის მიუხედავად, გვჯერა, რომ არსებულ სიტუაციაში ტრანსფორმაციული ცვლილებების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია და მას რეალური პოლიტიკური ნება და მზადყოფნა სჭირდება.
სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ თუკი ხელისუფლებას სურს ინტეგრაციის პოლიტიკის რეალურად განხორციელება და გაცხადებული სტრატეგიები და ხედვები მხოლოდ ფორმალურ ხასიათს არ ატარებს, მნიშვნელოვანია სახელმწიფო მინისტრის აპარატს ჰქონდეს მინიჭებული მაღალი მანდატი და რეალური პოლიტიკური ძალაუფლება. გარდა ამისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნა მოხდეს ინკლუზიური და დემოკრატიული პროცესების შედეგად, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობებთან აქტიური კონსულტაციების გზით, რადგან ეს სწორედ ის სახელმწიფო უწყებაა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება მაღალი ლეგიტიმაცია და საზოგადოებრივი ნდობა.“
სოლიდარობის პლატფორმა არის გაერთიანება, რომელშიც გაწევრებულია სხვადასხვა აქტივისტი უმცირესობების თემებიდან. მათ შორის – პანკისის ხეობიდან, აზერბაიჯანისა და სომეხი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიდან, ასევე, აჭარის მუსლიმი თემიდან. მათი თქმით, ჯგუფები გაერთიანდნენ ერთი მიზნისთვის, რომ ურთიერთსოლიდარობის, ერთმანეთის მხარდაჭერისა და საერთო პრობლემებზე ორიენტირების მეშვეობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას საქართველოს პოლიტიკურ და სამოქალაქო სივრცეში.