სოლიდარობის პლატფორმა ზაზა აბაშიძის გადაყენებას ითხოვს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზის“ დამფუძნებელი ზაზა მიქელაძე facebook-ზე ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოლიდარობის პლატფორმა ეხმაურება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის ქსენოფობიურ განცხადებას და მოუწოდებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს გადააყენოს ის დაკავებული თანამდებობიდან.
მათი თქმით, ზაზა აბაშიძე 2 მაისს, Facebook-კომენტარის სახით გამოეხმაურა ბოლნისში, სოფელ დელლარში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს აზერბაიჯანელი თემის მიმართ განაცხადა – „უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოხოცონ”. სახელმწიფო მოხელის მხრიდან საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მსგავსი გამოხატულება მიუღებელია და ემსახურება საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაღვივებას. იმ ფონზე, როცა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის შემდეგ საქართველოს აზერბაიჯანელი თემი მასობრივად კიდევ ერთხელ გახდა სიძულვილის ენის ობიექტი, საჯარო მოხელის მხრიდან მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო მეტად აღვივებს საზოგადოებაში საქართველოს აზერბაიჯანელი თემის მიმართ რასისტულ განწყობებს და ხელს უშლის სამართლიანი, თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისა და ინტეგრაციის პროცესს.
სოლიდარობის პლატფორმის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამგვარ განცხადებებს გამოეხმაურონ და საზოგადოებაში თანასწორობის და სოლიდარობის იდეას ღიად დაუჭირონ მხარი. მათი თქმით, სხვა შემთხვევაში მთავრობის უმოქმედობა რასიზმის და ქსენოფობიის შეწყნარებად შეიძლება იქნას აღქმული და მას გამრიყავი გავლენა ექნება არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის.
„მიგვაჩნია, რომ არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ ასეთი განცხადებების პოპულარიზაციისა და გავრცელების შესაკავებლად, ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს და დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადააყენოს ზაზა აბაშიძე. ამასთან არსებითია, ზაზა აბაშიძემ საჯარო ბოდიში მოიხადოს რასისტული განცხადებების გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის აქტივისტებს და ის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის დიალოგს, სოლიდარობის მშენებლობასა და არადომინანტური ჯგუფების საჭიროებების, წუხილების და პერსპექტივების პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურ დაყენებას ისახავს მიზნად.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაზა აბაშიძე, პირადი ფეისბუკგვერდზე გაკეთებული კომენტარის გამო, სადაც წერდა, რომ მარნეულის სოფლის მცხოვრებლები უნდა „ჩაკეტონ და ამოხოცონ“, რასაც თან ერთვის გინება, ბოდიში მოიხადა.
ზაზა აბაშიძის კომენტარს სოციალურ ქსელში არაერთი არასმთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. შეშფოთება გამოხატა სამოქალაქო პლატფორმამ „არა-ფობიას!“. რამდენიმე დღის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ზაზა აბაშიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული ეთნიკური სიძულვილის შემცველი კომენტარის გამო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.