სომხეთ-აზერბაიჯანი-საქართველოსა და რუსეთ-თურქეთ-ირანის თანამშრომლობა პერსპექტიული გახდება - ლავროვი

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი-საქართველოსა და რუსეთ-თურქეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატი დროთა განმავლობაში პერსპექტიული გახდება. ამის შესახებ მან 2023 წლის რუსული დიპლომატიის საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა ერევნის ბოლოდროინდელ პოზიციებზე და ისაუბრა 3+3 ფორმაზეც. ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთის რჩევები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ყოველთვის დასავლეთის გეოპოლიტიკური მიზნების ხელშეწყობისკენ არის მიმართული.

„ყველასთვის ცნობილია, რომ დასავლეთი საქვეყნოდ საუბრობს რუსეთის განდევნაზე, მოშორებაზე სამხრეთ კავკასიიდან. ჩვენ სომხეთისგან რაიმე საწინააღმდეგო არ მოგვისმენია.

ჩვენ შევთავაზეთ აქტიურად განვითარდეს თანამშრომლობის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის  – სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და მათ სამ დიდ მეზობელს შორის – რუსეთი, თურქეთი და ირანი.

ვფიქრობ, დროთა განმავლობაში, ეს ფორმატი პერსპექტიული იქნება, რადგან ის არ იქნება დამოკიდებული გლობალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე და თავისუფალია ჰეგემონიის შესანარჩუნებელი გეოპოლიტიკური „თამაშებისგან“, რომელსაც ახლა ვაშინგტონი ავითარებს ბრიუსელში პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.