სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ არ ესროლონ მშვიდობიან მოსახლეობას

პუბლიკა

გუშინ ჟენევაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 7-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ, სამხედრო დაპირისპირების განმავლობაში არ ესროლონ მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ობიექტებს.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის ზონაში დაღუპულთა ცხედრებს გადაასვენებენ და ამ პროცესში ჩაერთვება წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება, რომელსაც უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ. მხარეებმა ასევე უნდა წარადგინონ დატყვევებული სამხედროების სია და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით გაცვალონ ტყვეები.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს დაპირისპირებულ მხარეებს, შეასრულონ მოსკოვში, პარიზსა და ვაშინგტონში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.