სომხეთმა გადაწყვიტა ბრიტანული AstraZeneca-ს ვაქცინის შეძენა მოსახლეობის 3% -ის ასაცრელად. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემისვე ცნობით, ვაქცინაციის პირველი ფაზის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, სამედიცინო მუშაკებს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ.
ადგილობრივი მედიის Armenpress ცნობით, ვაქცინაციის მეორე ეტაპზე სომხეთში პრიორიტეტი მიენიჭება მასწავლებლებს, საგანგებო სიტუაციების პირველადი რეაგირების ჯგუფებს, სამხედრო წევრებსა და საჯარო მოხელეებს.
Armenpress-ის ცნობითვე, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ვაქცინას COVAX FACILITY-ის ალიანსთან შეთანხმების საფუძველზე ყიდულებენ. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ალიანსმა ვაქცინა სომხეთს ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზა.
როგორც Armenpress აღნიშნავს, COVAX FACILITY-ის გაერთიანება აგრძელებს შუამავალ მოლაპარაკებებს სომხეთთან რუსული Sputnik V ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებითაც.
როგორც სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ვაქცინაცია არ იქნება სავალდებულო.