სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა თქვა, რომ 8 აგვისტოს აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლებლობებს საქართველოსთვისაც გააჩენს.
კოსტანიანის კომენტარს Armenpress ავრცელებს.
კოსტანიანი თბილისშია სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად.
მინისტრის მოადგილის თქმით, სომხეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა საკითხზე ყოველთვის ძალიან ღია დისკუსიებია.
„სომხეთი და საქართველო ყოველთვის ღიად საუბრობენ იმ საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესებს ეხება. ჩვენ, ბუნებრივია, ასევე ვსაუბრობთ რეგიონულ თანამშრომლობაზე, რადგან 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ბლოკადა მოიხსნება არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მეგობარი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრების დროს ამ თემას შეეხო“, – თქვა ვაჰან კოსტანიანმა.