საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ერევანში საქართველოს საელჩოს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით დაუკავშირდნენ და წუხილი გამოთქვეს მედიაში არასწორად ინტერპრეტირებული განცხადების გამო.
„ერთ-ერთი პირველი რეაგირების სახით ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ მათ ოფიციალურ Facebook-გვერდზე უკვე გააკეთეს შესაბამისი განმარტება ამ პოზიციასთან დაკავშირებით და სანამ მე გადაცემაში მოვიდოდი თქვენთან, რამდენიმე წუთის წინ დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ განხორციელდა ზარი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან საელჩოში. დარეკა ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით. გამოთქვა წუხილი, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც მათი განმარტებით, არასწორად ინტერპრეტირებული იყო, გაანაწყენა ქართველი კოლეგები. ისინი ამასთან დაკავშiრებით წუხილს გამოთქვამენ და საელჩოს სთხოვა, რომ ეს პოზიცია გადმოეცა თბილისისთვის”, – განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება მედიიდან შეიტყო, საელჩო ერევანში „დაუყოვნებლივ დაუკავშირდა შესაბამის სტრუქტურებს – საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს იმისთვის, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი განმარტებები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტული იყო მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ ისეთი მაღალი ოფიციალური პირის მხრიდან როგორიც ჯანდაცვის მინისტრია“.
სომხური გამოცემა armninfo.am-ის ინფორმაციით, არსენ ტოროსიანმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოში კორონავირუსზე ტესტების სიზუსტე და განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ ადამიანებს კორონავირუსი ხშირად უდასტურდებოდათ.