სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების დიდი სხვაობა განსხვავებული მიდგომის გამოა. Arminfo-ს მიხედვით, ონლაინდისკუსიაში ჩართულმა არსენ ტოროსიანმა თქვა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის აღრიცხვაზეც აქვს კითხვები.
ტოროსიანის აზრით, პირველ რიგში, სომხეთში შემთხვევები იმის გამო გაიზარდა, რომ სახელმწიფომ მკაცრ რეგულაციებს ნაკლებად მიმართა, საქართველოში კი შეზღუდვები აქამდე შენარჩუნდა, რაც, მისი თქმით, გარკვეულწილად გაუმართლებელიცაა, რადგან მკაცრი რეგულაციები ეკონომიკას, მათ შორის, ვაჭრობას, ფასებს მძიმედ აწვება.
ამას გარდა, როგორც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ის ეჭვობს, რომ საქართველოში ინფიცირებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა ზუსტ მონაცემებს არ ასახავს, სომხეთში კი ინფორმაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა. „საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიური სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება სომხეთისგან, მაგრამ არა კარგის მხრივ. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და ეს ფაქტია“, – ციტირებს Arminfo ტოროსიანის სიტყვებს.
არსენ ტოროსიანის თქმით, სტატისტიკის კუთხით შეკითხვები ეხება ტესტირებას. რა მეთოდით აწარმოებს მოქალაქეთა ტესტირებას საქართველო, იყენებს თუ არა სწრაფ ტესტებს, რომლებსაც მცდარობის მაღალი კოეფიციენტი აქვს, ასევე, შეჰყავდა თუ არა ის პაციენტები კორონავირუსით გარდაცვლილთა სიაში, ვინც კოვიდინფიცირებული იყო, მაგრამ თანმხლები დაავადებებით გარდაიცვალნენ. ასევე, გაიარეს თუ არა იმ მოქალაქეებმა ტესტირება, რომლებსაც მსუბუქი რესპირატორული სიმპტომები ჰქონდათ.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს ნაკლებად სანდო სტატისტიკას მოწმობს მათ მიერ აღრიცხული შემთხვევები, რომ სომხეთში საქართველოდან შესულ მძღოლებს შორის ბევრს აღმოაჩნდა კორონავირუსი. „როცა ჩვენ ვამოწმებდით საქართველოდან მომავალ მძღოლებს, მათ შორის ბევრს დაუდასტურდა COVID-19. ასე რომ, საკითხავია, დღეში 1-2 შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში, თუ უბრალოდ ამდენის დადასტურება ხერხდება?“, – განაცხადა ტოროსიანმა.