აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხეთის მიერ ქალაქ ბარდას დაბომბვისას 19 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის ახლოს მდებარე ქალაქზე სომხეთმა „სმერჩის“ ტიპის სარაკეტო სისტემებით მიიტანა იერიში და კასეტური შეიარაღება გამოიყენა.
ბაქოს განცხადებით, სომხეთის თავდასხმისას დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სომხეთმა დაბომბა ქალაქი ტერტერიც.
თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს აზერბაიჯანმა ქალაქი შუშა და სტეფანაკერტი დაბომბა, რასაც შუშაში 1 ადამიანი ემსხვერპლა, სტეფანაკერტში კი დაზიანდა საავადმყოფოს შენობა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირება თვეზე მეტია გრძელდება. არაოფიციალური მონაცემებით, ორივე მხარეს დაღუპულია ასობით სამხედრო და ათობით სამოქალაქო პირი. აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, აქამდე დაპირისპირებისას სომხეთმა დაბომბა ქალაქი განჯაც, რასაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. სომხეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ერთ-ერთი იერიშისას აზერბაიჯანმა სტეფანაკერტი კასეტური შეიარაღებით დაბომბა.