სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა 1 ივლისს თქვა, რომ ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა განიხილოს სომხეთში რუსული ტელეარხების მაუწყებლობის აკრძალვის საკითხი.
სიმონიანმა ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფო მაუწყებლების მიერ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას შორის მიმდინარე დავის შესახებ ბოლო დროს გამოქვეყნებული კომენტარის საპასუხოდ გააკეთა.
„ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ სომხეთის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების მაუწყებლობის შეჩერების საკითხი“, – თქვა სიმონიანმა ჟურნალისტებთან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზოგიერთი რუსული სატელევიზიო გადაცემა ზიანს აყენებს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს.
ალენ სიმონიანმა ასევე აღნიშნა, რომ „ზოგიერთი ადამიანი“ შესაძლოა, ცდილობდეს სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევას ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის დაფინანსებით
ივნისში კარაპეტიანი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოათავსეს სომხეთში ძალაუფლების უზურპაციისკენ მოწოდების ბრალდებით მას შემდეგ, რაც მან მთავრობა ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „საკუთარი გზით“ ჩაერეოდა ამის დასასრულებლად.
ამის შემდეგ, კრემლის პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა სომხეთის მთავრობას „კორუმპირებული, საზიზღარი, უსარგებლო“ უწოდა და „სომხეთის ისტორიის“ ღალატში დაადანაშაულა.
მოგვიანებით პლატფორმა X-ზე, ალენ სიმონიანმა რუსეთის რეაქციაზე ისაუბრა, რომელიც ამ განცხადებას მოჰყვა.
„დამნაშავეების გამოგონება საჭირო არ არის: საკმარისია უბრალოდ ტელევიზორის ჩართვა. რადგან „რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაფუჭების ამოცანას“ ყველაზე კარგად არა დასავლური სპეცსამსახურები, მითიური აგენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ზოგიერთი რუსული სახელმწიფო ტელეარხები, ჟურნალისტები და რედაქტორები უმკლავდბიან“, – დაწერა სიმონიანმა.
მისი თქმით, „ეს არის ის, რაც რეალურად ანგრევს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს – და არა დასავლეთი, სომეხი ხალხი ან პოლიტიკოსები“.