ოთხშაბათს სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყებას ეხება.
კანონპროექტის ინიციატორი ჯგუფის წარმომადგენელმა, არტაკ ზეინალიანმა განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან და ინსტიტუტიდან ოფიციალურმა პირებმა, ასევე, პარლამენტარებმა გააჟღერეს მკაფიო სიგნალები სომხეთის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
„დოკუმენტის შესავალში აღნიშნულია, რომ: „სომხეთი, რომელიც ისწრაფვის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესების, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების, სამართლის უზენაესობის განმტკიცებისთვის, აცხადებს ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყებას”, – თქვა მან.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, არმან ეგოიანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, არ განიხილება ევროკავშირში გაწევრების განაცხადთან დაკავშირებული საკითხი და მოცემული კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ სომეხი ხალხის ნების გამოხატულებაა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მომდევნო თვეების განმავლობაში იგეგმება ახალი პარტნიორული დღის წესრიგის დაგეგმვა, რაც მოიცავს მოკლევადიან, ასევე, საშუალო და გრძელვადიან ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისკენ იქნება მიმართული. „Ekho Kavkaza” წერს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, რომელმაც ამ კანონპროექტს „დაცინვა” უწოდა.