აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება წუხელ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა წერტილოვანი დარტყმები მიაყენეს სომხურ პოზიციებს ნაღმტყორცნების, არტილერიისა და ტანკების დახმარებით.
12 ივლისს დაპირისპირებისას დაიღუპა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტი, ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი სამხედრო, 5 კი დაიჭრა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ დანაკარგი მიაყენეს სომხურ მხარესაც, თუმცა, სომხეთი დაღუპულებზე ინფორმაციას მალავს.
სომხური მედიის ინფორმაციით, საზღვარზე დაწყებულ დაპირისპირებაში ჩართული იყო მსუბუქი და მძიმე არტილერია, ჯავშანმანქანები, ტანკები და უპილოტო საფრენი აპარატები.
შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, აზერბაიჯანულ მხარეს თოუზის რაიონსა და სომხურ მხარეს– ტაუშის რაიონში მოხდა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაწყებულ დაპირისპირებაში ოფიციალური ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 ივლისს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო შეთანხმება უხეშად დაარღვიეს და თოუზის რაიონის მიმართულებით არტილერიიდან ცეცხლი გახსნეს.
„დანაკარგია ორივე მხარეს. დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სიტუაციას აკონტროლებს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ 12 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხურ ბლოგპოსტზე უპილოტო საფრენი აპარატით მიტანილი იერიშის ვიდეოც გაავრცელა.
სომხეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელი აზერბაიჯანია. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდაპირველად აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სცადეს სომხეთის საზღვრის გადაკვეთა, მოგვიანებით კი სომხურ პოზიციებს დაესხნენ თავს. საპასუხო ცეცხლს მოჰყვა მსხვერპლი აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის.
ამ დრომდე ოფიციალური ერევანი სომეხ სამხედროებს შორის დაღუპულებზე არ საუბრობს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათმა ჯარისკაცებმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
Today at around 12:30 a group of #Azerbaijan'i soldiers tried to cross the Armenian border w/ UAZ&went back to their positions after🇦🇲side's warning,leaving the car behind.
At 13:45,@wwwmodgovaz tried to capture our border position, firing w/ artillery.#Azerbaijaniaggression— MoD of Armenia 🇦🇲 (@ArmeniaMODTeam) July 12, 2020
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2016 წელს ყარაბაღში რამდენიმედღიანი შეტაკების შემდეგ ზავი მოქმედებს. თუმცა, მას შემდეგ მცირე შეიარაღებული დაპირისპირებები პერიოდულად ხდება. ამ დაპირისპირებამდეც როგორც სომხურმა, ისე აზერბაიჯანულმა მხარემ თავიანთ პოზიციებზე ნაღმტყორცნებიდან ცეცხლის გახსნის არაერთი შემთხვევა დააფიქსირეს.