ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამწვავებულ ურთიერთობას გამოეხმაურა. პომპეოს განცხადებით, აშშ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაწყებული დაპირისპირების გამო და მოუწოდებს მხარეებს დიალოგისკენ.
„მწუხარებას გამოვთქვამთ ყველა დაღუპულის გამო. მოვუწოდებთ მხარეებს სიტუაციის დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ, დიალოგისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა აღდგეს მხარეებს შორის მოლაპარაკებები მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატში“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
.@SecPompeo discusses the United States' deep concerns about recent deadly violence along the Armenia-Azerbaijan international border and offers condolences to the victims. pic.twitter.com/V9mTzUX9KK
— Department of State (@StateDept) July 15, 2020
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, აზერბაიჯანულ მხარეს თოუზის რაიონსა და სომხურ მხარეს– ტაუშის რაიონში დაიწყო.
12 ივლისს მომხდარ ინციდენტში სომხეტი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 ივლისს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო შეთანხმება უხეშად დაარღვიეს და თოუზის რაიონის მიმართულებით არტილერიიდან ცეცხლი გახსნეს.
სომხეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელი აზერბაიჯანია. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდაპირველად აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სცადეს სომხეთის საზღვრის გადაკვეთა, მოგვიანებით კი სომხურ პოზიციებს დაესხნენ თავს.
12 ივლისის შემდეგ ორმხრივი იერიშები რამდენჯერმე განახლდა. დაპირისპირებაში სამხედროებთან ერთად ჩართულია ჯავშანმანქანები, ნაღმტყორცნები, მძიმე არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები. გუშინ ორმხირივი თავდასხმები იყო კიბერსივრცეშიც.
ოფიციალური ინფორმაციით, 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაწყებულ დაპირისპირებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანული მხარე 11 სამხედროს დაკარგვას ადასტურებს, სომხეთი კი – 4-ის. ასევე, ერთ-ერთ დაბომბვას შეეწირა აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქეც, 76 წლის აზიზ აზიზოვი.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაჭრილია 10 სომეხი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამწვავებულ სიტუაციას გამოეხმაურა თურქეთი და რუსეთიც. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „სომხეთის მოქმედებები მიუღებელია“ და მათ უნდა ახსოვდეთ, რომ აზერბაიჯანი მარტო არ არის, თურქეთი მუდამ მათ გვერდით იქნება. აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც.
კრემლმა კი ორივე მხარეს დამშვიდებისა და სიტუაციის კონტროლისკენ მოუწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა კი საზღვარზე დაწყებული დაპირისპირება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განიხილა.