ბოლო მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსული ინფექციის სულ 64 შემთხვევაა დადასტურებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გუშინ სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოეცხადებინათ საგანგებო სიტუაცია, რომელიც ძალაში დღეს 12:00 საათიდან შევიდა.
გუშინ, 16 მარტს პარლამენტში საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლო ფაშინიანმა განაცხადა, რომ Covid 19-ით ინფიცირების დადასტურებული 30-ე შემთხვევა კონტაქტში იმყოფებოდა ქალაქ ეჩმიაძინში ქორწილში მყოფ მე-19 პირთან, რომელსაც აღმოაჩნდა კორონავირუსული ინფექცია.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ქვეყანაში აკრძალულია საჯარო შეკრებები, მათ შორის ქორწილებსა და დაკრძალვებზე.
„დაკრძალვის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა, ეს შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების ეპიცენტრი. რეკომენდებულია, რომ ადამიანების რაოდენობა არ აღემატებოდეს 20-ს, თუმცა ეს დამოკიდებულია სიტუაციაზეც“, – განაცხადა ნიკოლო ფაშიანიანმა.
გამოცემა hetq-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების შესახებ კანონში არ არის დადგენილი ეპიდემიებთან გამკლავების საკითხი. თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია მართვადია.
საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ სომხეთში აიკრძალა ყველა ღონისძიება და საჯარო შეკრება, რომელსაც 20-ზე მეტი ადამიანი დაესწრება.