სომხეთში ფაშინიანის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი, ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს

პუბლიკა

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა არქიეპისკოპისი ბაგრატ გალსტანიანი – ფაშინიანის საწინააღმდეგო მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ლიდერი.

დაკავებას წინ უძღოდა ჩხრეკა მის სახლში.

ადვოკატმა სერგეი ჰარუთიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გალსტანიანი საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს.

მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი სასულიერო პირი.

გარდა ამისა, დაკავებულია სომხეთის რევოლუციური ფედერაციის (ARF) უმაღლესი ორგანოს წევრი იგორ სარგსიანი. ის საგამოძიებო კომიტეტის აჯაპნიაკის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ასევე მოთავსებულია არწახის ეროვნული კრების დეპუტატი დავიდ გალსტიანი.

ასევე, სიუნიკის ყოფილი გუბერნატორის, Para TV-ის დირექტორის, ვაჰე ჰაკობიანის მეუღლე, ელიზაბეტ პეტროსიანი, დაკითხვაზე გადაიყვანეს.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, 2024 წელს ბაგრატ გალსტანიანმა დააფუძნა მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“. მისი მიზანი კონსტიტუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება იყო.

„რამდენიმეთვიანი წარუმატებელი მიტინგებისა და საჯარო ღონისძიებების შემდეგ მან უარი თქვა კანონიერ მეთოდებზე და 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო ძალაუფლების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების მზადება. ბაგრატ გალუსტიანმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ჩამოაყალიბა კრიმინალური დაჯგუფება და დაგეგმა ძალადობრივი გადატრიალება, რომელშიც მონაწილეობდა 200-250 ადამიანისგან – ყოფილი სამხედროებისა და პოლიციის თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი.

მათი გეგმა მოიცავდა ისეთ ტერორისტულ ქმედებებს, როგორიცაა ცეცხლის წაკიდება, საავტომობილო ავარიების მოწყობა, ინტერნეტის და ელექტროენერგიის გათიშვა და სროლები ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პარალიზების მიზნით. 2025 წლის იანვარში ჯგუფმა შეძლო 1000-ზე მეტი ადამიანის მობილიზება და მათი აღჭურვა სათანადო მოწყობილობებით, ტაქტიკური რუკებითა და საჯარო ინფრასტრუქტურის დამაზიანებელი ნივთებით“, – აცხადებს სომხური უწყება.

რამდენიმე დღის წინ, 17 ივნისს სომხეთის სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს სამრეწველო-საშენებელი ჰოლდინგ „ტაშირის“ ხელმძღვანელის, მილიარდერ სამველ კარაპეტიანის სახლში. მას ბრალი დასდეს სომხეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებაში.

კარაპეტიანი ღიად გამოხატავდა მხარდაჭერას სომხეთის სამოციქულო ეკლესიისადმი და აკრიტიკებდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

2024 წლის ზაფხულში სომხეთში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციების მთავარი მოთხოვნა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა იყო. მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და ერევნის მიერ ბაქოსთვის 4 სოფლის დაბრუნების გამო.