სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით „დაუმორჩილებლობის აქცია“ დაიწყო

პუბლიკა

სომხეთში პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის აქციები მიმდინარეობს. 1 მაისს გამართული დიდი მსვლელობის შემდეგ, დღეს ოპოზიციის მხარდამჭერები ისევ შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრში და ოპოზიციამ „დაუმორჩილებლობის აქცია“ დაიწყო.

„რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ინფორმაციით, დღეს, დილიდან, აქციის მონაწილეებმა გზების დაბლოკვა დაიწყეს და ერევნის ცენტრში ათზე მეტი ქუჩა გადაკეტეს.  ზოგიერთ ქუჩაზე ხალხი გზის ჩასახერგად ნაგვის ბუნკერებსა და სკამებს იყენებს. მთლიანადაა გადაკეტილია საფრანგეთის მოედანიც, სადაც აქციის ზოგიერთმა მონაწილემ წუხანდელი ღამე გაატარა, პოლიცია კი რამდენიმე ქუჩაზე აქციის მონაწილეებს აკავებს.

ოპოზიციის საპროტესტო აქციები ერევანში ორი კვირის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სომხეთისგან მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სტატუსის დაწევაზე კომპრომისს მოითხოვდა.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება აზერბაიჯანთან დათმობაზე წასვლას აპირებს და ამით თავს იმართლებს.

არტურ ვანეციანმა, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა და სომხეთში ოპოზიციური ფრაქცია „მე მაქვს ღირსების“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ განცხადებების შემდეგ მთავრობას უფლება აღარ აქვს, ხელისუფლებაში დარჩეს და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

ვანეციანის მსგავსად საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ოპოზიციური ბლოკის „სომხეთის“ ლიდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ კოჩარიანმა.