სომხეთთან გვაქვს ვალდებულებები, მაგრამ კონფლიქტი მათ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს - პუტინი

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განმარტავს, რატომ არ ერევა რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო განახლებულ კონფლიქტში. პუტინის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გამო, რუსეთს სომხეთის მიმართ აქვს ვალდებულებები, მაგრამ დღემდე სამხედრო მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე არ წარმართულა.

თქვენ იცით, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრია, ამ შეთანხმების ფარგლებში ჩვენ მათ მიმართ გვაქვს ვალდებულებები. მაგრამ დღემდე დაპირისპირება არ წარმართულა სომხეთის ტერიტორიაზე.

თუმცა, რუსეთი ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებდა და ასეც გააგრძელეს მომავალში. თქვენ იცით, რომ მე მუდმივი კონტაქტი მაქვს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და სომხეთის ხელისუფლებისგან არ მსმენია რუსეთის მიერ ამ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შესახებ კითხვები“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთში ძალიან ღელავენ ამ დაპირისპირების გამო და სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„ეს [დაპირისპირება] ტრაგედიაა. ჩვენ ძალიან ვღელავთ, რადგან ის ხალხი, ვინც აზერბაიჯანში, სომხეთსა და მთიან ყარაბაღში ცხოვრობს, ჩვენთვის უცხო არაა. რუსეთში 2 მილიონამდე აზერბაიჯანელი და 2 მილიონზე მეტი სომეხი ცხოვრობს. რუსეთის ძალიან ბევრ მოქალაქეს ახლო კავშირი აქვს ორივე სახელმწიფოსთან.

ვხედავთ, ორივე მხარეს დიდი დანაკარგია. ასე რომ, ვიმედოვნებთ, ეს კონფლიქტი ახლო მომავალში დასრულდება. ჯერ კიდევ გრძელი გზაა მშვიდობამდე, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებდით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ. რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეს დაპირისპირება“, – განაცხადა პუტინმა.


მთიან ყარაბაღში კონფლიქტი მე-11 დღეა მიმდინარეობს. კონფლიქტში ჩართულია არტილერია და მძიმე ტექნიკა. აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, სომხეთმა კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტაქტიკური დანიშნულების სისტემებიდანაც მიიტანა სარეკეტო იერიში. ჯერჯერობით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ გამართულა.

აზერბაიჯანულ და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პოზიციებს შორის ორმხრივი სროლა პირველად 27 სექტემბერს დილით დაიწყო. დაპირისპირების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

ამ დრომდე დაუდგენელია მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მათ მხარეს 280-მდე სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანში თავიანთი სამხედროების მსხვერპლზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. სომხეთისა და ყარაბაღის ოფიციალური პირები კი ამტკიცებენ, რომ სამხედრო მოქმედებებისას რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ერევნის ცნობით, კონფლიქტის განახლების შემდეგ სომხეთსა და ყარაბაღის რეგიონში დაიღუპა 19 სამოქალაქო პირი. ხოლო ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანული დასახლებების დაბომბვას გასული კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის 27 მოქალაქე შეეწირა.