სომხური სადამკვირვებლო მისია: 26 ოქტომბრის არჩევნები წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევებით

პუბლიკა

სომხური ორგანიზაცია „დამოუკიდებელ დამკვირვებელთა სახალხო ალიანსი” საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაცია საქართველოს არჩევნებს 18-წევრიანი დელეგაციით აკვირდებოდა თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში. დააკვირდნენ ჯამში 54 უბანს.

მათ ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, კენჭისყრის დღეს მიიღეს არაერთი ცნობა სანდო წყაროებიდან ხმების მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით ამომრჩევლების დაშინების შესახებ, რომლებიც ზოგ შემთხვევაში კომბინაციაში იყო პირადობის მოწმობების შეგროვებასთან.

მისიამ შენიშნა „ქართული ოცნებისა“ და საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავდა ამომრჩევლების ნდობის შემცირებას ხმის მიცემის ფარულობის მიმართ, დაწყებული საარჩევნო კაბინების ფორმიდან და მდებარეობიდან მმართველი პარტიის მიერ დამონტაჟებულ კამერებამდე.

ორგანიზაციამ აღრიცხა შემთხვევები, როცა ამომრჩევლებს არ უკეთებდნენ სათანადო მარკირებას და ამას შემაშფოთებელი უწოდა.

ამავდროულად, მისიის თანახმად, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის ამომრჩეველთა პასპორტების მონაცემებზე ფართო ხელმისაწვდომობის ფონზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ელექტრონული სარეგისტრაციო მოწყობილობების შემაჯამებელ ფურცლებში არ არის დაფიქსირებული, თუ რომელი ამომრჩევლის პასპორტის მონაცემები იყო შეყვანილი ხელით.

მოწყობილობის მიერ წაკითხვის ნაცვლად პასპორტის მონაცემები კომისიის წევრმა შეიძლება ხელით შეიტანოს მოწყობილობაში ამომრჩევლის თანდასწრებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის გარეშეც და შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად, ხმის მისაცემად იმ პირის ნაცვლად, რომელიც არ არის ქვეყანაში“, – მიუთითებს „დამოუკიდებელ დამკვირვებელთა სახალხო ალიანსი“. 

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნების ნაწილზე შეინიშნებოდა ადამიანების ჯგუფების აქტივობა, რომლებიც არა ამომრჩევლები, არამედ მმართველი პარტიის მხარდამჭერები იყვნენ. მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც უბნებზე მისულ და ჯერ არმისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ.

ასევე, ანგარიშის თანახმად, დამკვირვებლებმა გამოავლინეს საარჩევნო ცენტრების უმეტესობაში საარჩევნო კომისიების კანონმდებლობისა და პროცედურების ცოდნის ნაკლებობა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სოფლად.

არჩევნებზე 20 000-მდე ადგილობრივი დამკვირვებელი იყო აკრედიტებული, თუმცა ბევრ უბანზე დაფიქსირდა, რომ დამკვირვებლის აკრედიტაციის მქონე პირები თავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებად წარმოადგენდნენ და არ მოქმედებდნენ ნეიტრალურად.

რიგ უბნებზე კენჭისყრის ოთახებში შესვლამდე ამომრჩევლები მიუახლოვდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, რომელმაც ჩანაწერები გააკეთეს თავიანთ სიაზე.

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ 3 უბანზე შეფერხდა დამკვირვებლების საქმიანობა, ხოლო 22/4-ე უბანზე შეურაცხყოფა მიაყენეს მათ დამკვირვებლებს, როცა ის ცდილობდა ვითარების ვიდეოგადაღებას. მისია იძულებული გახდა, მონიტორინგი შეწყვიტა.

შესაბამისად, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული დაკვირვებებისა და სხვა სანდო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების გათვალისწინებით, საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევებით, რაც ჩრდილავს არჩევნების შედეგების სანდოობას.