სომხური ტვირთისთვის რუსეთ-საქართველოს შორის შესაძლოა, საბორნე მიმოსვლა დაიწყოს

პუბლიკა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, ვაჰან ქერობიანის თქმით, რამდენიმე დღეში რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება, რითაც ისარგებლებენ სომხეთში ტვირთის გადამზიდავები. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური ავრცელებს.

„ამჟამად სამუშაოების დასკვნით ეტაპზე ვართ და განრიგი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება“, – თქვა ქერობიანმა.

საბორნე მიმოსვლა ფოთსა და ქერჩის სრუტეში მდებარე რუსეთის პორტ კავკაზს შორის უნდა დაიწყოს. რუსეთი სომხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ექსპორტის ბაზარია. 2022 წლის პირველ ნახევარში სომხეთის მთლიანი საგარეო ვაჭრობის 1/3 რუსეთზე მოდის.

თუმცა ამ დრომდე, საჰაერო მიმოსვლის გარდა, სომხეთსა და რუსეთს შორის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა ლარსზე გადის, რომელსაც შეზღუდული გამტარუნარიანობა აქვს. საბორნე მიმოსვლა ლარსის ალტერნატივად განიხილება.

ქერობიანმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საბორნე მიმოსვლის შესაძლო გახსნის შესახებ რამდენჯერმე ისაუბრა, თუმცა ამ დრომდე ვერ ამოქმედდა. მათ შორის, 5 მაისს მთავრობის სხდომის შემდეგ მან განაცხადა, რომ საბორნე მიმოსვლის ამოქმედების ბოლო ვადა 15 ივნისი იქნებოდა.

ქერობიანის თქმით, საბორნე მიმოსვლის ამოქმედება უკრაინაში დაწყებულმა ომმა გაართულა.

„მოდით, მოვიცადოთ ერთი-ორი დღე, ცოტა ხანი და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი იქნება… დიახ, ეს არ არის მარტივი საკითხი, განსაკუთრებით მძიმე გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და ზეწოლის გამო, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სამუშაო შედეგს ძალიან მალე გამოიღებს“, – თქვა ვაჰან ქერობიანმა.