თეა წულუკიანის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას საზოგადოებირი მაუწყებელი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, სოსო გიორგაძე სხვა უწყებაში განაგრძობს მუშაობას.

დღესვე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ახალი მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი წარადგინა.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ირაკლი გივიაშვილი კარიერით დიპლომატია. სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ მინისტრის მოადგილის პოზიციაზე, ირაკლი გივიაშვილი ზედამხედველობას გაუწევს შემდეგ სფეროებსა და პროექტებს:

ადმინისტრაციის დეპარტამენტი; სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი ახალგაზრდობის ნაწილში; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ორმხრივი ურთიერთობების ნაწილში; სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, რომლის ხელმძღვანელობასაც ასევე შეითავსებს; კულტურის სამინისტროს ის მუზეუმები, რომლებსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს და საქართველოს რეგიონებში მდებარეობს; ყველა ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სამინისტროს სისტემაში სახელოვნებო განათლების მიმართულებით მოქმედებს;

„ბლექ სი არენა ჯორჯიასა“ და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის საქმიანობა; ლევილის მამულის პროექტი. ზემოაღნიშნული გულისხმობს სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობისა და შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტების საქმიანობის შესაბამისი კომპონენტების კურატორობასაც.

ასევე, ირაკლი გივიაშვილის საკურატორო სფერო იქნება სამინისტროს სახელით საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ურთიერთობა.