სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ უარს ამბობს დაესწროს სასამართლო პროცესებს.
გოგაშვილის განცხადებით, მისი გადაადგილება რუსთავის ციხიდან სასამართლომდე შეიცავს სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის დიდ რისკებს.
„მე არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ამ დადგმულ მასკარადში, რომელიც წოდებულია, როგორც სასამართლო, ხოლო იმართება და ხელმძღვანელობს ივანიშვილის დირექტივების მიხედვით. ამაზე მე მაქვს საკმაოზე მეტი მტკიცებულებები, რასაც უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებ. ასევე ჩემი გადაადგილება რუსთავის ციხიდან სასამართლომდე შეიცავს სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის დიდ რისკებს. ამიტომ უარს ვაცხადებ დავესწრო სასამართლო პროცესებს“, – აცხადებს ის.
გოგაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მითითებით უკანონოდ არის დაკავებული.
„ჩემი საქმე მთლიანად აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ „მტკიცებულებებზე“, რომელიც 16 ივლისის ღამეს შემოიტანეს და ჩადეს ჩემს საცხოვრებელ სახლში ქ. თბილისი ავთო ვარაზის 91-ში. ჩემი დაკავებაც განხორციელდა უკანონოდ და ძალადობრივად, ასევე იძალადეს ჩემი ოჯახის წევრებზეც. სასამართლომ არ გაითვალისწინა არცერთი ჩვენ მიერ მოყვანილი ფაქტი და აღკვეთიც კი არ შეცვალა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.