სოსო გოგაშვილი არის მხოლოდ აგენტ-ინსტრუმენტი - მდინარაძე „TV პირველის“ სიუჟეტზე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსული და ქართული სპეცსამსახურების სავარაუდო თანამშრომლობაზე ტყუილია. მისი თქმით, საგამოძიებო კომისია სჭირდება იმის გარკვევას, ბოლო თვეების განმავლობაში ერთი სიმართლე მაინც თუ გაავრცელა ტელევიზიამ.

„გოგაშვილმა თავისი განცხადებები როდის დაასრულა, იცით? მოსკოვში სიები იგზავნებოდაო, რომ ჰყვებოდა. გულწრფელად თანავუგრძნობ ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელსაც დღეს საქართველოში სჯერა, რომ ხელისუფლება მოსკოვში შესათანხმებლად რაღაც სიებს გზავნის.

იშვიათად შემხვედრია ისეთი გულწრფელი, პატიოსანი, პატრიოტი ადამიანი, როგორიც არის ვახო გომელაური. სოსო გოგაშვილი მის წინააღმდეგ, საქართველოს და ქართული პოლიციის წინააღმდეგ არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი, აგენტი. აგენტ-ინსტრუმენტი, აგენტი ინსტრუმენტი.

მას იყენებენ „TV პირველში“ მოგონილი ამბის „ნიუს პოვოდად“. რაღაც ამბავს რომ მოიგონებენ, ვიღაცამ რაღაც უნდა თქვას, ასეთი ნიუსების საფუძვლად 99%-ში აღმოჩნდება სოსო გოგაშვილი. სიუჟეტი არის აბსოლუტური ფეიკი. საგამოძიებო იმას კი არ სჭირდება, რომ მოგონილ ამბავზე როგორ ააგონ PR კამპანია და ა.შ. საგამოძიებო კომისია, მე რომ მკითხოთ, სჭირდება იმის გამოძიებას, ერთი სიმართლე თუ მაინც უთქვამთ ბოლო თვეების განმავლობაში „TV პირველში“. ყველა ჯერზე ვფიქრობ, უფრო მეტი ტყუილი რა შეიძლება თქვან, ყველა ჯერზე სიმაღლეს იპყრობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


„ლელო“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის მიზანი იქნება, დადგინდეს სიმართლე იმ ინფორმაციაზე, რომელიც „TV პირველის“ ეთერში 10 სექტემბერს გავიდა. სიუჟეტი, რომელზეც სამადაშვილი საუბრობს, ქართული და რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო თანამშრომლობას შეეხება.



სიუჟეტში, რომელიც „ნოდარ მელაძის შაბათში“ 10 სექტემბერს გავიდა, საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, 2016 წელს ვლადიკავკაზში ჩავიდა სუს-ის დელეგაცია, რომელსაც. ჟურნალისტის მტკიცებით, სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შეხვედრა უნდა დაეგეგმა.

სიუჟეტის მიხედვით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე სოსო გოგაშვილი, გენინსპექციის მაშინდელი ხელმძღვანელი იოსებ ჭელიძე, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი ირაკლი ჩიმაკაძე და სუს-ის თანამშრომელი ალექსანდრე სამხარაძე, სოსო გოგაშვილის დაცვის თანამშრომელი. სიუჟეტის წყარო სწორედ ალექსანდრე სამხარაძეა.

ალექსანდრე სამხარაძის თქმით, ვლადიკავკაზში სოსო გოგაშვილი „ეფესბეს“ გენერალ სედოვს შეხვდა. სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაციას წერილობით ადასტურებს სოსო გოგაშვილიც.

წერილში, რომელიც სიუჟეტის ავტორის მტკიცებით, გოგაშვილს ეკუთვნის, აღნიშნულია, რომ შეხვედრის მიზანი ქართულ და რუსულ სპეცსამსახურებს შორის კომუნიკაციის გამყარება, კონტრაბანდისთვის უსაფრთხო დერეფნების მოწყობა, რუსეთის მოქალაქეების დახმარება, ასევე რუსეთში ძებნილი პირების არალეგალური გადაცემა იყო.

სიუჟეტის მიხედვით, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრიდან მალევე ვახტანგ გომელაური ვლადიკავკაზში არაფორმალურ შეხვედრაზე „აირზენას“ თვითმფრინავით ფარულად ჩავიდა, თუმცა ამ ინფორმაციას „აირზენას“ დირექტორი არ ადასტურებს.

როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, შეხვედრა კიდევ რამდენჯერმე შედგა და ამ შეხვედრების შედეგად საქართველო რუსეთიდან სირიისკენ საზღვაო და სახმელეთო ტვირთის გამტარი გახდა. სავარაუდოდ, გოგაშვილის თქმით, ამ ტვირთების შესახებ მოგვიანებით დასავლეთის სპეცსამსახურებმაც შეიტყვეს.

ამავე რეპორტაჟში იყო ინფორმაცია 2017 წელს რუსეთის სპეცსამსახურების დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლისა და ვახტანგ გომელაურის მიერ მცხეთასა და თბილისში მასპინძლობის შესახებ.

სიუჟეტში ამჟამინდელი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, იოსებ ჭელიძისა და ირაკლი ჩიმაკაძის საპასუხო პოზიცია არ არის გადმოცემული.