სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს – დაკავების ამსახველ ვიდეოს ტელეკომპანია პირველი და მთავარი ავრცელებს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სახლში სპეცრაზმი შედის, მას იატაკზე აწვენს და, სავარაუდოდ, აკავებს.
15 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა განცხადება გაავრცელა, „უცნობის“, მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც “მთავარი არხის” რედაქციაში ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ მასალას შეეხება.
„ჩავატარე მთელი რიგი შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ: დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და აშ. არ დაგიმალავთ და ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს იყვნენ შოკირებულნი ნანახით.
ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით, ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ. ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს. 2021 წლის შემოდგომაზე ვისაც გახსოვთ, მედია საშუალებებმა გააშუქეს არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ.
სავარაუდოდ ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს“, – წერს გოგაშვილი.