სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, სერგო მეთოფიშვილის გადაწყვეტილებით, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მოსამართლე მეთოფიშვილმა პროკურატურის შუამდგლომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს მოითხოვდა.

შუამდგომლობაში პროკურორმა განმარტა, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ბრალდების მხარის მტკიცებით, ალექსანდრე სამხარაძის მიმართ გირაოს გამოყენება ამ საფრთხეების განეიტრალების და ბრალდებულის მომდევნო სხდომაზე გამოცხადების გარანტია იქნება.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

ალექსანდრე სამხარაძეს ბრალდება საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლთ აქვს წარდგენილი. 16 ივნისს ჩატარებული ჩხრეკის დროს მის სახლში 69 ვაზნა აღმოჩნდა.

ადვოკატი განმარტავს, რომ სამხარაძე სუს-ში მუშაობის დროს საშტატო იარაღს ფლობდა, უწყებიდან წამოსვლის შემდეგ კი იარაღთან ერთად ვაზნების ჩაბარება დაავიწყდა.

სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ 16 ივნისს მის სახლში ჩხრეკის შემდეგ იცოდა, რომ ბრალდებას წარუდგენდნენ და ისიც იცოდა, რა სასჯელს ითვალისწინებს ბრალდება, თუმცა არ მიმალულა და გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლია.

სარეზოლუციო ნაწილში მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა განმარტა, რომ ვაზნების აღმოჩენის ადგილი (რომელიც საიდუმლო გრიფის გამო არ დააკონკრეტა) და ბრალდებულის განმარტება სასამართლოსთვის მტკიცებულებების მოპოვებაში ხელშეშლის საფრთხეზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს აკმაყოფილებს. მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

წინასასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს ჩაინიშნა.