სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წაუყენეს.
როგორც ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განმარტა, 16 ივნისს ჩხრეკის შედეგად მის სახლში ტყვიები აღმოაჩინეს. ადვოკატი განმარტავს, რომ სამხარაძე სუს-ის თანამშრომელი იყო და საშტატო იარაღს ფლობდა.
„როდესაც თანამდებობა დატოვა, იარაღი ჩააბარა, ხოლო ტყვიების ჩაბარება დაავიწყდა და ამან მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოიწვია“, – ამბობს ადვოკატი.
თავად ალექსანდრე სამხარაძე ამას სოსო გოგაშვილის ოჯახისგან მისი ჩამოშორების მცდელობას უკავშირებს.
„ოფიციალურად წამიყენეს ბრალი. საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა. ცდილობენ, რომ მე [გოგაშვილის] ოჯახს ჩამომაშორონ. ყველამ იცის, რომ მე 24 საათი ბატონი იოსების ოჯახის გვერდით ვარ და ამით ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოჯახს ჩამომაშორონ და შეიძლება, დამაკავონ“, – ამბობს ის მედიასთან.
ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ ალექსანდრე სამხარაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
„მე არ ვიცი წინასწარ რას მოითხოვს პროკურატურა, თუმცა გირაოს გამოყენების საფუძველიც კი არ არსებობს, აღკვეთის გარეშე უნდა დარჩეს სამხარაძე“, – ამბობს ადვოკატი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ალექსანდრე სამხარაძის აღკვეთი ღონისძიების შესახებ სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. პროკურატურა სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს.