სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
მხარეების შუამდგომლობის დაწყებამდე ბრალდებულმა, სოსო გოგაშვილმა, დაკავების ღამეს თავის სახლში მომხდარი აღწერა, სამართალდამცავები ძალადობრივ ქმედებებსა და მტკიცებულებების „ჩადებაში“ დაადანაშაულა და მისი და ოჯახის წევრების უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.
ამის შემდეგ სხდომა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაიხურა.
ბრალდების მხარის განცხადებით, პროცესზე უნდა განხილულიყო გრიფით საიდუმლო და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, რის გამოც სხდომის საჯაროობა მიზანშეწონილი არ იყო.
პროკურატურის ამ მოთხოვნას ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ პროკურატურის მიზანია, გოგაშვილმა დაკავებისას გამოვლენილ უფლებების დარღვევაზე საჯაროდ არ ისაუბროს. ადვოკატის მტკიცებით, დღევანდელ პროცესზე პერსონალური და გრიფით საიდუმლო ინფორმაციის განხილვას არ აპირებდნენ.
წინასასამართლო სხდომა 8 სექტმებერს ჩაინიშნა.
სოსო გოგაშვილი თბილისში 16 ივლისს თავისსავე სახლში დააკავეს. მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წარდგენილი.
სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობას ედავება.
ოჯახი სოსო გოგაშვილის დაკავებას მის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.
ადვოკატის თქმით, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, სავარაუდოდ, 25 ივლისამდე გამოქვეყნდება.
15 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ადასტურებდა, რომ ის ფლობდა უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილ ინფორმაციას, რომელიც, მისივე თქმით, მიაწოდა მედიას, NGO-ებს, ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე, დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს“, – ამბობდა ის.