სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა 

პუბლიკა

მსახიობი, სპორტსმენი და პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.

ინფორმაცია მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში დაადასტურეს.

გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობაა, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა.

სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.

სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ფილმებში „ნატვრის ხე“, „ამაღლება“; „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“,  „სვანი“,  „მაიტა ნასოსი“ და სხვა. არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა – „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“, „სვანი“ , „მაიტა ნასოსი“.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი – „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“.

2020 წლის ოქტომბერში სოსო ჯაჭვლიანმა „ქართული ოცნება” დატოვა. ჯაჭვლიანმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიის „ავანი და ჩავანი“ თბილისის მერი, კახა კალაძეა, ხოლო მმართველი პარტია – „რეჟიმი”.

2022 წლის მაისში სოსო ჯაჭვლიანი ამბობდა, რომ გაჩნდა საშიშროება, მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციისგან დისკვალიფიცირებულმა ქართველმა მკლავჭიდელებმა რუსეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღონ მონაწილეობა.