„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ” (სოვლაბმა) საჯარო ინფორმაციის გადაცემაზე უარისა და მისი არასრულად გამოქვეყნების გამო ეროვნული არქივის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, სარჩელის მიზანია კატალოგის სხვადასხვა კომპონენტის საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვა, შეგროვება და ერთიანად ონლაინ გამოქვეყნება, რაც, მათი თქმით, უახლესი ისტორიის საკვანძო მოვლენების ზუსტი სურათის აღდგენასა და მკვლევართა მუშაობას მნიშვნელოვნად გაადვილებს.
„სოვლაბის” თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა არქივებზე წვდომის ნაბიჯ-ნაბიჯ შეზღუდვასა და მკვლევართათვის ხელის შეშლისკენაა მიმართული.
„საარქივო დოკუმენტების ასლების გადასაღებად ასტრონომიული გადასახადის დაწესება (მაშინ როცა დღევანდელ ცივილიზებულ მსოფლიოში დოკუმენტებზე უფასო წვდომა მიღებული პრაქტიკაა), პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება და მკვლევართათვის სამკითხველო სივრცეებში მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა ამ პოლიტიკის მდგენელთა არასრული ჩამონათვალია.
ხსენებული პოლიტიკის კიდევ ერთი საკვანძო კომპონენტია საარქივო ფონდებში დაცული მასალების კატალოგების, ანაწერებისა და ბარათების პროაქტიული გამოქვეყნების ნაცვლად მათზე წვდომის სისტემატური შეზღუდვა და კატალოგებს სხვადასხვა ნაწილების განზრახ დამალვა. ამგვარი მიდგომით სახელმწიფო და კერძოდ ეროვნული არქივი განზრახ ხელს უშლის საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლასა და რუსული საინფორმაციო ომის მიმართ საზოგადოების მედეგობის ზრდას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ვრცლად გაეცანით ბმულს.