ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე წერს, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამკვირვებელი სუპერმარკეტების ქსელის SPAR-ის ჩოხატაურის ფილიალში მენეჯერმა სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მან არჩევნებზე დასაკვირვებლად სამსახურიდან ერთი დღით გათავისუფლება სთხოვა.
„ამ არჩევნებზე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა დამკვირვებლების მიმართ აგრესია, თავდასხმა, შეურაცხყოფა, ფიზიკური შეხება. ადრეც ყოფილა ცალკეული შემთხვევები დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის, მაგრამ არა ასეთი სიმძიმისა და რაოდენობის. ეს დამოკიდებულება გრძელდება ზოგიერთ საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვის დროს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიზანი აქვთ, რაც შეიძლება მეტად დასტრესონ დამკვირვებლები. არ ვიცი ამის მიზეზი რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზული პრობლემაა.
გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი დამკვირვებელი Spar Georgia-ს ჩოხატაურის ფილიალში მენეჯერმა სამსახურიდან საერთოდ გაათავისუფლა იმიტომ, რომ ამ ადამიანმა არჩევნებზე დასაკვირვებლად სამსახურიდან ერთი დღით გათავისფულება სთხოვა. ამას სასამართლოში გავასაჩივრებთ და არავის მივცემთ უფლებას, დამკვირვებლები ასე დაჩაგრონ, მაგრამ Spar Georgia ძალიან სამარცხვინოა, ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვო, არჩევნებზე დაკვირვების გამო“, – ამბობს ელენე ნიჟარაძე.
„პუბლიკა“დაუკავშირდა სუპერმარკეტთა ქსელს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციის მისაღებად ხვალ დავკავშირებოდით და შესაბამის საკადრო განყოფილებაში გადაგვამისამართებდნენ პასუხისთვის.