„სპარის” თანამშრომელს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ – „თანასწორობის მოძრაობა“

პუბლიკა

2020 წლის იანვარში „თანასწორობის მოძრაობას“ მიმართა ტრანსგენდერმა ქალმა, ინფორმაციით, რომ სამუშაო ადგილას, სუპერმარკეტების ქსელ „სპარში“, მომხმარებელმა, მისთვის უცნობმა პირმა, ტრანსფობიურ ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

„დაზარალებულის ინფორმაციით, საღამოს საათებში სუპერმარკეტში შევიდა მომხმარებელი, რომელმაც ტრანსფობიური კომენტარი გააკეთა მის გენდერულ თვითგამოხატვასთან დაკავშირებით. ბრალდებულმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაზარალებულმა მიმართა პოლიციას, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. საქმეში „თანასწორობის მოძრაობის“ ჩართვის შემდეგ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე აღნიშნული პირის ვინაობა დაადგინეს და დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს“, – ნათქვამია „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საპატიმრო გირაო 2000 ლარის ოდენობით. საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის მოტივი. დაზარალებულის ინტერესებს „თანასწორობის მოძრაობა“ იცავს.

მათივე ცნობით, ტრანსგენდერი ქალი ამ ინციდენტის შემდეგ (დამატებით მძიმე სამუშაო პირობების გამოც) იძულებული გახდა, სამუშაო დაეტოვებინა.