შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ „სპარის“ თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის იარაღი – დასაკეცი დანა, ასევე, მასთან ერთად პნევმატური პისტოლეტი და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ამოიღო.
სუპერმარკეტ „სპარის“ ერთ-ერთ ფილიალის თანამშრომელი 27 იანვარს დიღომში დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. ხოლო დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, თბილისში, მარკეტი „სპარის” კონსულტანტს – 1995 წელს დაბადებულ ბ.კ.-ს, ორი დღით ადრე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, დანით სხეულზე ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
გასული წლის 30 დეკემბერს „სპარის” კიდევ ერთი თანამშრომელი დაჭრეს. დაპირისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი, 20 წლის მამაკაცი, მათე ჯომიდავა გასულ კვირას გარდაიცვალა.