გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული (SPD) პარტიის განცხადებით, ე.წ აგენტების კანონის გამო, შესაძლოა, საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი დაკარგოს.
SPD-ის თანახმად, ეს საკამათო კანონია და საქართველომ შესაძლოა, კვლავ დაკარგოს „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის“ სტატუსი.
ცნობისთვის, საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი გასული წლის ბოლოს მოლდოვასთან ერთად აღიდგინა.
„გერმანიის მთავრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ პოლიტიკური სიტუაციის განვითარებას და ამოწმებს, რამდენად არის უსაფრთხო ქვეყნის პირობები დაკმაყოფილებული”, – თქვა SPD-ის დეპუტატმა ჰელგე ლინდმა.
მისი თქმით, თუ საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური დევნის საშიშროების წინაშე დგას, ამას „შესაბამისი შედეგებიც მოჰყვება”.
გამოცემა Stern წერს, რომ საქართველო მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყანა დეკემბრიდან არის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი.
„თუმცა, თბილისის მთავრობის მიერ საკამათო შემოთავაზებული კანონი კვირების განმავლობაში იწვევს დაძაბულობას. ე.წ აგენტების აქტი ადგენს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსების მინიმუმ 20%-ს საზღვარგარეთიდან, უნდა დარეგისტრირდნენ”.
სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ კრიტიკოსები პარალელებს ხედავენ რუსეთში „უცხოური აგენტების“ წინააღმდეგ კანონთან, რომელიც საშუალებას აძლევს იქაურ ხელისუფლებას, განახორციელოს მასიური ზომები კრიტიკული მედიისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ნათქვამია ისიც, რომ ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას საკანონმდებლო ცვლილებაზე.