სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია - სუს

პუბლიკა

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება აღნიშნავს, ამ განცხადებიტ მათ სურთ გამოეხმაურონ კონკრეტული მედიასაშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეც დანიშნულების რაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

„მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას“, – ამბობს სუსი.


„მთავარი არხის“ მტკიცებით, შიდა ქართლში სამართალდამცველების მობილიზება ამ დრომდე გრძელდება – სპეცდანიშნულების ბაზასთან სამართალდამცველების ნაწილი დღეს დილის საათებში დააფიქსირეს, ნაწილი კი ღამით ბაზიდან გავიდა და დასავლეთის მიმართულებით გაემგზავრა.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „„ქართული ოცნება“ სამართალდამცველების პოლიტიკურ სპექტაკლში ჩართვას გეგმავს“ – მათი თქმით, თუ ამბის გახმაურების შემდეგ გომელაური არ გადაიფიქრებს, რამდენიმე საათში საზოგადოებას აცნობებენ, რომ ჩაატარეს მასშტაბური სპეცოპერაცია დასავლეთ საქართველოში, აღმოაჩინეს იარაღის საცავი და დააკავეს შსს-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები.