სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის სხვადასხვა ფაქტზე 5 ადამიანი ამხილა.
ამბავი 1:
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან, 30 წლის ქალი დაქორწინებული იყო ნ.ბ-ზე, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან – ისინი ერთმანეთს სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციით ეკონტაქტებოდნენ.
2023 წლის 28 იანვარს ბრალდებული ქალი აპლიკაცია Viber-ში ქმრის სასიყვარულო შინაარსის მიმოწერას გაეცნო. მან მიმოწერის ე.წ. სქრინები გადაიღო და მეუღლის ნათესავებსა და მეგობრებთან უკანონოდ გაავრცელა.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით და 159-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა, ხოლო სასამართლოს განაჩენით 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
ამბავი 2:
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე დააკავეს 1973 წელს დაბადებული კაცი.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის იანვარში დაზარალებულმა ქალმა სოციალურ ქსელ Facebook-ით 1973 წელს დაბადებული ბრალდებული გაიცნო და მასთან ვიდეოზარით ვირტუალური სექსი ჰქონდა, რისი ამსახველი ფოტოები და ვიდეო მამაკაცმა ფარულად გადაიღო.
მოგვიანებით ბრალდებული დაზარალებულ ქალს დაემუქრა – თუ არ დაემორჩილებოდა მას და არ შეასრულებდა მის მითითებებს, ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერს და ფოტოსურათებს გაუვრცელებდა.
ქალმა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურს მიმართა. უწყებამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში ნახა და ამოიღო დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალა, რომელიც სასამართლოს განაჩენის შემდეგ განადგურდება.
ბრალდებული ა.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იქნა დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამბავი 3:
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დანაშაულში დედა-შვილი ამხილა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში დაზარალებულმა ქალმა მ.გ.-მ საზღვარგარეთ მყოფ თავის შეყვარებულ მამაკაცს გ.დ.-ს აპლიკაცია whatsapp-ის საშუალებით თავისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა გაუგზავნა, რომელსაც მამაკაცი კუთვნილ ტელეფონში ინახავდა.
პარალელურად, ამავე გ.დ.-ს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა გოგოსთან, თ.ტ.-სთანაც, რომელმაც მამაკაცის მობილურ ტელეფონში სხვა ქალთან არსებული მიმოწერები და დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები ნახა.
მოგვიანებით, შურისძიების მიზნით ბრალდებულებმა თ.ტ.-მ და დედამისმა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს გადაუგზავნა.
დანაშაულში მხილებულ დედას და შვილს ბრალდება, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენების და გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამბავი 4:
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 19 წლის კაცი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ Telegram-ის ერთ-ერთ ჯგუფში მისთვის უცნობი დაზარალებული ქალის შიშველი ფოტო-ვიდეომასალა მოიპოვა, რის შემდეგაც იგი სოციალური ქსელით დაუკავშირდა დაზარალებულ ქალს და ახალი ინტიმური კადრების გადაღება და მასთან გადაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მოპოვებული კადრების გავრცელებით დაემუქრა.
დაზარალებულისგან უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები მის ქმარს და მეზობლებს გადაუგზავნა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიება შეტყობინების მიღების შემდეგ მყისიერად დაიწყო.
ბრალდებული გ.მ. გამოძიების დროს სააბონენტო ნომრით იდენტიფიცირდა. უწყებამ მის მობილურ ტელეფონში ნახა და ამოიღო დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალები და მიმოწერის დამადასტურებელი ე.წ. „სქრინები“.
მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული გ.მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იქნა დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თუ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით გაშანტაჟებენ და გემუქრებიან ან ეს მათ უკვე გააკეთეს:
- გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან. შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას «საფარი» ნომერზე: 599 40 76 03;
- მიმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. უწყების ცხელი ხაზის ნომერია: 199. თბილისის გარდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს ოფისები: თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. გარდა ამისა, შეგიძლიათ, უწყებას დაუკავშირდეთ ფეისბუქზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.
- მნიშვნელოვანია, დაზარალებულმა შეაგროვოს საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები: გადაიღეთ მუქარის მესიჯების, ასევე, გავრცელებული მასალების სქრინშოთები, შეინახეთ ლინკები.
- იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამნაშავეს თქვენი ინტიმური ფოტოები/პერსონალური ინფორმაცია თქვენი ნებით გაუზიარეთ, არ ნიშნავს, რომ მას მათი გავრცელების უფლება აქვს.