სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდიდან ყველა ინფორმაცია წაშალა - თოლორაია

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდიდან  (რომელიც იყო შექმნილი მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის) წაშალა ყველა ინფორმაცია: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშიები, ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, შეხვედრები (მათ შორის, საერთაშორისო შეხვედრები).

ამის შესახებ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია წერს.

„გეგონება ვებგვერდს მტრის ურდომ გადაუარა. ამ დროს, საქართველოს პარლამენტი დღემდე გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუუქმებია, იგი მხოლოდ გარდაქმნა. მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ახალმა ხელმძღვანელმა წაშალა წინა ხელმძღვანელის დროს სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია”. – ამბობს თოლორაია.

თოლორაია ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ აუცილებლად ჩააყენებს საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ეს ვებგვერდი შეიქმნა და რომელთა მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებაც იყო განთავსებული ინფორმაცია აღნიშნულ ვებგვერდზე.

„მე ვუხდი ბოდიშს სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელს ამის გამო” – ამბობს თოლორაია.