სპეცმასწავლებლები წულუკიანს შეხვედრას სთხოვენ | ღია წერილი

პუბლიკა

სპეცპედაგოგები განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს მიმართავენ. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ  სამინისტრო არ უზრუნველყოფს სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებას და სტატუსის ამაღლებას. სპეცპედაგოგები მათ საჭიროებებზე სასაუბროდ თეა წულუკიანს შეხვედრას და განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობას სთხოვენ.

გთავაზობთ წულუკიანისადმი გაგზავნილ სპეცპედაგოგების ღია წერილს:

„პატივცმულო ქალბატონო თეა, მოგმართავთ და მადლობას მოგახსენებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკეთილდღეოდ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების ინიცირებისთვის და მისი ამოქმედებისთვის.

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოაწერა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებათა დაცვის კონვენციას, რითაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება შშმ პირების მიმართ ორმაგად გაიზარდა. საქართველოს მთავრობისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული განათლება კვლავაც ერთ-ერთი პრიორიტეტია.

2007 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინკლუზიურ განათლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, ევროპელი მოკავშირეების მთარდაჭერით, დასაწყისისთვის  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

თუმცა, ბოლო წლებში  ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული  ინიციატივები ნაკლებად ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების ხარისხის ზრდას.

ასევე, მიუხედავად 2020 წლის ზაფხულში სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცებისა, სამინისტრო არ უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით დასაქმებული სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებას და სტატუსის ამაღლებას.

2018 წლიდან მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მიუხედავად, სპეციალურ მასწავლებელს კვლავაც არ აქვს შესაძლებლობა, დაადასტუროს საკუთარი კომპეტენცია და იზრუნოს თავის კარიერულ განვითარებაზე. შესაბამისად,  სხვა მასწავლებლების მსგავსად, მას არ აქვს შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, რაც დისკრიმინაციულად მიგვაჩნია.

გარდა იმისა, რომ 2020-2021 სასწავლო წელს პანდემიის საბაბით სპეციალურ მასწავლებლებს არ ჩატარებიათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სასერტიფიკაციო გამოცდები, მათ არ გაუზარდეს ხელფასი და კვლავაც იღებენ ყველაზე დაბალი კატეგორიის, პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასს, რაც განისაზღვრება დაახლოებით  370-400 ლარით. ასევე გვინდა გაცნობოთ, რომ, საგნის მასწავლებლებისგან განსხვავებით, სახელფასო ნამატი არასდროს აისახებოდა სპეციალური მასწავლებლის შემოსავალზე.

მიგვაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის უფლების უხეში დარღვევა, ვინაიდან დაუშვებელია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლიდეს პირი, რომელსაც არ აქვს დადასტურებული კვალიფიკაცია, ამავდროულად არ აქვს პროფესიული წინსვლის და განვითარების შესაძლებლობა.

ამას აცნობიერებს საქართველოში დაახლოებით 1600 მდე სპეციალური მასწავლებელი და უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის დადასტურების მიზნით ითხოვენ გამოცდის ჩატარებას.

ბოლო წლებში (განსაკუთრებით, 2018-2019 წლებში) ასობით სპეციალურმა მასწავლებელმა დატოვა აღნიშნული პოზიცია უკეთესი სტატუსის, ანაზღაურების და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობების ძიებაში, იმის გამო, რომ  არ აქვთ შექმნილი შესაბამისი სამუშაო პირობები.  მათ ადგილს იჭერენ ნაკლებად კვალიფიციური კადრები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ყველა მოსწავლისთვის თანაბარი და ხარისხიანი ზოგადი განათლების მიწოდებას.

შესაბამისად, სახელმწიფო სპეციალური მასწავლებლებისთვის მასწავლებლის პროფესიული სქემიდან გამოთიშვით ხელოვნურად ქმნის ბარიერს ინკლუზიური განათლების ხარისხის განვითარებისთვის სკოლაში.

ამ წერილით გთხოვთ, გვიშუამდგომლოთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან, რათა იზრუნოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში სპეციალური მასწავლებლის სტატუსის ამაღლებაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, 2021 წლის თებერვალში ჩატარდეს, 2020 წლის შემოდგომაზე დაპირებული გამოცდა. ასევე, გამოცდამდე ყველა სპეციალურ მასწავლებელს, საგნის მასწავლებლების მსგავსად, გაუზარდონ ხელფასი 100 ლარით.

ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში არსებული კადრების შენარჩუნებას და საქართველოში ინკლუზიური განათლების წარმატებით განხორციელებას, რაც გაზრდის მოსწავლეთა/მოზარდთა სწავლების ხარისხს განათლების ყველა საფეხურზე.

გთხოვთ, მოგვცეთ შესაძლებლობა,  უფრო დეტალურად აღვწეროთ შშმ ან/და სსსმ პირთა განათლების საკითხებში არსებული სირთულეები თუ არსებული ვითარება. ვითხოვთ თუნდაც ონლაინ ფორმატში გამოჰყოთ დრო ჩვენთან შესახვედრად,  რათა უკეთ გაგაცნოთ ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები“, – წერენ სპეცპედაგოგები.

წერილს ხელს აწერენ სპეციალური განათლების პედაგოგთა ასოციაციის წევრები მარიამ გოდუაძე, ია უნდილაშვილი, ირინა ფიროსმანიშვილი და ანა ბერიძე. ასევე, მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის ფონდის დირექტორი თამარ იარაჯული.