,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა, სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სპეცოოერაციას კონფიდენციალობა სჭირდება და სწორედ ეს გახდა წარმატების საფუძველი.
,,ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად. სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები. მათ შორის, იმისთვის, რომ სპეცოპერაციამ მიაღწიოს თავის მიზანს, კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით. ეს არის მარტივი წესები ნებისმიერი სპეცოპერაციისას და ეს წესები იყო დაცული. ოპერაციის წარმატების საფუძველი გახდა სწორედ ის, რომ სათანადოდ იყო დაცული ეს კონფიდენციალობა”,- თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, როდის გაიგო მმართველმა გუნდმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ.
ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შემდეგ ამტკიცებდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ არის და რომ ეს ვიდეოები ფაბრიკაციაა.
სააკაშვილი თბილისში წუხელ დააკავეს. ამის შესახებ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგით ამცნო.