სპეცტანსაცმელი, დეზობარიერები და ჰიგიენური საშუალებები – რეკომენდაციები სამშენებლო სექტორს

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამშენებლო საქმიანობა არ იზღუდება. მშენებელთა შრომითი საქმიანობა ხასიათდება სამუშაო ადგილების მუდმივი ცვალებადობითა და ღია ატმოსფერულ პირობებში არსებული შრომითი აქტივობით.

„სწორედ ამიტომ, ვირუსის გავრცელების კუთხით, მშენებლობა განეკუთვნება საშუალო რისკის სექტორს, ვინაიდან მისი სპეციფიკა მოიცავს ბუნებრივ განიავებას. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია მშენებლობაზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნეს პრევენციული ღონისძიებები“, – წერს სამინისტრო, რომელიც სამშენებლო სექტორისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს გასცემს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, დამსაქმებლებმა მშენებლობის სექტორში თავიანთ დასაქმებულებს კორონავირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად უსაფრთხოების პირობები უნდა შეუქმნან.

მათ შორის, ევალება, რომ მოსასვენებელი ოთახის/სასადილო ოთახის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები.

ასევე, სამუშაო ადგილზე უნდა უზრუნველყოს ხელის დაბანის შესაძლებლობა და ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი ხსნარი.

დამსაქმებელმა უნდა უზუნველყოს გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა და სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის კონტეინერები, დროულად დაასუფთავოს სამუშაო სივრცე. ასევე:

უზრუნველყოს დასაქმებულები, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმლით, სპეცფეხსაცმლით, ჩაფხუტით, ხელთათმანით, რესპირატორით) და დააწესოს კონტროლი მათ გამოყენებაზე;

პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;

გარკვეული პერიოდულობით აწარმოოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია;

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სამშენებლო სექტორის დამსაქმებლებმა დასაქმებულებს ასევე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ, სამუშაო სივრცეში განათავსონ განცხადებები COVID-19-ის შესახებ. ასევე, დაატრენინგონ თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებაში.

რაც შეეხება დასაქმებულებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები მსგავსია, რაც ზოგადად მოქალაქეებს ეხებათ. მომუშავეებმა უნდა დაიცვან „ხელის ჰიგიენა“ – დაიბანონ ხელები საკვების მიღებამდე, საპირფარეშოში შესვლისას და გამოსვლისას, ასევე დასაქმებულებმა სადეზინფექციო საშუალებით უნდა დაასუფთავონ თავიანთი ხელსაწყოები და სამუშაო გარემო. დაცემინებისას ან დახველებისას აიფარონ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი, დაიცვან დისტანცია. ასევე გამოიყენონ დამსქმებლის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, საჭიროა, რომ ერთ სივრცეში არ მოხდეს 10-ზე მეტი ადამიანის თავმოყრა. ხოლო დასაქმებულებს, ვისაც უწევთ კარანტინში ყოფნა ან თვითიზოლაცია, შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს და აიღოს ცნობა, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელმა მას სამუშაო ადგილი და ანაზღაურება უნდა შეუნარჩუნოს.