სპეკულაციაა, როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ამბობ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს - კობახიძე

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულმა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, სპეკულაციაა იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ.

„როცა საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ თურმე ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ეს არის, რა თქმა უნდა, სინამდვილის გამრუდება, ამის მცდელობა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის გასული პოლიტიკიდან. ეს არის სპეკულაციური განცხადება, როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ამბობ, რომ ის უნდა შემობრძანდეს პოლიტიკაში და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. არ არის სწორი, ბუნებრივია, ასეთი განცხადების გაკეთება.

და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რა არის? ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც შექმნა დანაშაულებრივი სისტემა, კრიმინალური სისტემა, რომელმაც იმსხვერპლა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ბიზნესი, ღირსება, რომელმაც დაგვაკარგვინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. ეს არის მიხეილ სააკაშვილი.  მეორე ადამიანია, რომელმაც ეს დანაშაულებრივი სისტემა აღკვეთა ქვეყანაში და მოაშორა საქართველოს, როდესაც ერთსა და იმავე ტონალობაში ახსენებ ამ ორ ადამიანს, ეს არის რბილად რომ ვთქვათ, სპეკულაცია და შეურაცხყოფა,  აქედან გამომდინარე ჩვენ რბილად არ შევაფასებთ ამ განცხადებას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა 25 მარტს განაცხადა, რომ თუ პოლიტიკური მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში დარჩება, რაც იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ქვეყანაში დემოკრატია მომწიფებული არ არის.

„უკეთესი იქნებოდა ელჩი დანიელსონსთვის, ელაპარაკოს რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე არ მონაწილეობდნენ მოლაპარაკებაში“, – განაცხადა მან.